მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნარჩუნდება ხისტი კონკურენცია, რომელიც ძალიან ჰგავს ცივი ომის ვითარებას“ - ექსპერტი აშშ-რუსეთის პოლიტიკაზე

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი კახა გოგოლაშვილი Pia.ge

ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში კახა გოგოლაშვილი რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ცივი ომის დროინდელ პერიოდს ადარებს. 

როგორც მან, საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში ლიდერების ონლაინშეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე მხარეები მზად არ აღმოჩნდნენ ურთიერთობაში თანამშრომლობის ახალი გზები ეპოვათ, არამედ დარჩნენ ხისტი კონკურენციის პირობებში. 

რაც შეეხება ლიდერების საუბრის შინაარსს, ექსპერტი განმარტავს, რომ აშშ მკაფიო და ურყევ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინაში შეჭრასა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე, მეტიც, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ გაფრთხილება პირადად მისცა.

„პირველ რიგში, რაც შეეხება სანქციებს, ახალი არ არის. შეხვედრამდეც იყო განცხადებები, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა დაუწესებდა რუსეთს მკაცრ სანქციებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება ევროპის პარტნიორ ქვეყნებთან. 

ისიც იყო გაცხადებული, რომ რუსეთი აშშ-ს და ნატოს მოსთხოვდა წერილობით გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით მეტად არ გაფართოვდება, რაზედაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მოხდება. ამგვარი დაპირება ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს, ამრიგად, ეს საკითხი არ განიხილება. ნატოს გაფართოება მხოლოდ მისი წევრებისა და ასპირანტი წევრების გადასაწყვეტია. 

ასევე, განხილული იყო, საშუალო და შორ მანძილზე გამოსაყენებელი რაკეტების შემცირების თემა. ამასთან დაკავშირებით არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება და მის განახლებასთან დაკავშირებით იყო საუბარი. 

ლიდერებმა, ასევე, განიხილეს ავღანეთის თემა, თუმცა არ ვიცით, რა შედეგი ჰქონდა საუბარს. ასევე, შეეხნენ ალბათ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობას. არ არის გამორიცხული, რომ ჩრდილოეთ ნაკადის თემა დაკავშირებოდა უკრაინას. ასე ვთქვათ, უკრაინასთან ურთიერთობის დათბობის სანაცვლოდ, რუსეთი შესაძლოა, ითხოვს „ჩრდილოეთი ნაკადის“ ამუშავებას. 

ყოველ შემთხვევაში ბაიდენი მაინც ცდილობს რუსეთთან ითანამშრომლოს იმ საკითხებში, რომელშიც თანამშრომლობა შესაძლებელია. მგონია, რომ ამ ეტაპზე არცერთი მხარე არ იყო მზად ურთიერთობაში გარღვევა ყოფილიყო, არამედ ნარჩუნდება ხისტი კონკურენცია, რომელიც ძალიან ჰგავს ცივი ომის ვითარებას“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი სანქცია, რომელსაც აშშ ევროპის ქვეყნებთან შეთანხმებით გამოიყენებს, რუსეთის SWIFT-დან ამოგდება იქნება, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს.

„სანქციებთან დაკავშირებით, როგორც ადრევე იყო გაცხადებული, ბაიდენმა აღნიშნა ალბათ პუტინთან, კონკრეტულად რა სანქციები იქნებოდა გამოყენებული. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სანქცია იქნება რუსეთის SWIFT-დან, საბანკო ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემიდან ამოგდება. თუ ეს მოხდება, რუსეთი ვეღარ განახორციელებს ტრანსფერებს, მისი ბანკები სრულყოფილად ვერ მოიზიდავენ და ვერ გადარიცხავენ თანხებს, რაც ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და რუსი ოლიგარქების საქმიანობას. თავისთავად, იქნებოდა საუბარი პერსონალურ სანქციებზეც“, - აღნიშნა ექსპერტმა. 

ინფორმაციისთვის, 7 დეკემბერს პუტინსა და ბაიდენს შორის ონლაინშეხვედრა შედგა. ეს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების მეორე შეხვედრა იყო.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა.