მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პასუხი კითხვაზე, რას მოიმოქმედებს რუსეთი უკრაინაში, მხოლოდ პუტინმა იცის“ - ზურაბ ბატიაშვილი

სამხედრო საკითხების ექსპერტი

რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა PIA.GE-სთან უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხე რეალურია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პუტინზეა დამოკიდებული. 

„დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ, რადგან რუსეთმა მოახდინა დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლა. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, რას მოიმოქმედებს რუსეთი, ეს მხოლოდ პუტინის თავშია და მხოლოდ მან იცის 100%-იანი პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა ჩვენ აშკარად ვხედავთ სამხედრო ძალების მობილიზაციას.

მიმდინარე პროცესების შესახებ სხვადასხვა შეფასებები გაკეთდა და ერთ-ერთი ასეთი შეფასება იყო უკრაინელების მხრიდან, რომელთა სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ისინი ელიან ზამთარში რუსეთის მიერ შეტევის დაწყებას. ბუნებრივია, ისინი ამ შემთხვევაში გულისხმობენ იმას, რომ იქ მიწა უნდა გაიყინოს, რათა სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საშუალება იყოს და სამხედრო თვალსაზრისითაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს. მეორე მხრივ, არის დასავლეთიდან საკმაოდ მკაცრი რეაგირება და გაფრთხილება რუსეთის მიმართ, რომ მათ ასეთი ნაბიჯი არ გადადგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი, მხოლოდ პუტინმა იცის“, - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს