მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სალომე ზურაბიშვილს არ გაახსენდა ეთქვა, რომ არსებობს ცივილიზებული მეთოდები, რომლითაც ხდება პატიმრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სწორი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელების მიუღებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ექსპერტის თქმით, მას გამორჩა ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ცივილიზებული მეთოდით არ მომხდარა, როცა ამის განვითარებულ ქვეყნებში დიდი გამოცდილება არსებობს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ნამდვილად სწორია ტერმინი, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, ჩვეულებრივი პატიმარი არ არის. 

„პრეზიდენტს ვეთანხმები იმ პოზიციაში, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ჩვეულებრივ პატიმართან არ გვაქვს საქმე. ასევე ვეთანხმები იმაშიც, რომ გადაყვანის კადრების ხილვა თუნდაც ეს არ ყოფილიყო პრეზიდენტი, ძალიან უსიამოვნო იყო. რადგან ის ქვეყნის სიმბოლო, პრეზიდენტია, ამ კადრების ხილვა უდავოდ უსიამოვნო იყო ყველასთვის, მიუხედავად კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებისა. 

კიდევ რამდენიმე ნიუანსია, რომლის დაზუსტებაც არ გაახსენდა სალომე ზურაბიშვილს, რომ ყველა ქვეყანაში დგას პატიმრის სურვილის საწინააღმდეგოდ გადაყვანის საკითხი და არსებობს მეთოდი, თუ როგორ უნდა გადაიყვანონ ამ შემთხვევაში ერთი ადგილიდან მეორეზე და ასე ხელ-ფეხში ჩავლებული არ გადაჰყავთ. ახლა მე „იუთუბის“ დონეზე ვლაპარაკობ.

იქაც კი არის ნაჩვენები, როგორ გადაჰყავთ ამ დროს პატიმარი. გადაჰყავთ ისე, რომ ამ სცენის ნახვა დისკომფორტს არ ქმნის, ადებენ ხელბორკილს, თუმცა, ვიზუალური მხარე მოწესრიგებულია და გადაყვანის პროცესი ცივილიზებულია და არა ისეთი პირველყოფილური, როგორც ვნახეთ. მხოლოდ კადრების გავრცელება კი არ არის პრობლემა, არამედ ისიც, რომ ასეთი გადაყვანის ღონისძიება არ არის პროფესიონალურად დამუშავებული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, პროცესში, როცა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით პოზიციები პრინციპულად რადიკალურია, პრეზიდენტს უნდა შემოეთავაზებინა გამოსავლის გზა, თუნდაც რეკომენდაცია, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზი უცხოეთიდან მოწვეული ექიმების კონსილიუმმა დასვას.

„რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს, პირადად მე პრეზიდენტისგან ველოდი გამოსავლის შესახებ რაიმე განცხადებას, თუნდაც იმ კუთხით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზის დასმის საკითხში უცხოელი ექიმების კონსილიუმი იყოს ჩართული.

არსებულ ვითარებაში არ არის ბოლომდე ნათელი, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის სერიოზული რისკი, რომლის დაზღვევა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლებელია. 

მთელი პრობლემა ისაა, რომ ამდენად პოლიტიზებულ დაწესებულებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ექიმებიც პოლიტიზებული არიან. ამ მიზეზით, ნორმალური გამოსავალია მოსაძებნი. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული რისკი, ამის გასარკვევად უნდა შეიქმნას უცხოეთიდან მოწვეული ექიმების კონსილიუმი, რომლის მიერ დასმული დიაგნოზი და დასკვნა იქნება სანდო. ამიტომ ველოდი სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი ტიპის რეკომენდაციას, თუ როგორ შექმნილიყო ამგვარი კომისია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესახებ 17 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პატიმრის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება მიუღებელი იყო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

„პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

„ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

„არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი