მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში იქნება“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია ახლანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში იქნება, თუმცა ის იქნება, ასევე, ოპოზიციური სხვა პარტიებთან მიმართებაში“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

მისი თქმით, გიორგი გახარიას მიერ გეგმების არსებობაზე საუბარი მიანიშნებს, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს, თუმცა, ვინ შეიძლება იყოს გახარიას გუნდში პოლიტოლოგს ამაზე საუბარი უჭირს.

„ველოდი, რომ შუალდეური ანუ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყებდა მოძრაობას პოლიტიკისკენ, თუმცა, რადგან ახლა გააკეთა ასეთი განცხადება, ალბათ ადგილობრივ არჩევნებში აპირებს ჩართვას.

თავად მკაფიოდ თქვა, რომ ახალ ძალაზე ზრუნვაა საჭირო, რაც მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ დაბრუნდება. ისედაც, იქ, საიდანაც კარის გაჯახუნებით მიდიან, არ ბრუნდებიან ხოლმე“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

PIA.GE-ს კითხვაზე, გიორგი გახარია იქნება სრულად დამოუკიდებელი, თუ კვლავ განაგრძობს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებსა და თანამშრომლობას, რამაზ საყვარელიძე ასე პასუხობს:

„თუ ის ბიძინა ივანიშვილთან გააგრძელებს თანამშრომლობას, არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი არ იქნება“.

პოლიტოლოგის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ წევრს კახა კალაძეს, ჰქონდეს ხელისუფლებაში მეტის ამბიცია, თუმცა, მისი თქმით, კალაძისთვის ახლა გუნდის შიგნით ან თუნდაც მის გარეთ, გავლენისთვის ბრძოლა საუკეთესო ვარიანტი არ იქნება და მან სიტუაციის კიდევ უფრო გარკვევამდე უნდა მოიცადოს.

„ან „ოცნების“ იაერარქიაში უნდა იბრძოლოს მეტისთვის ან სხვა მხარეს გადავიდეს. არ მგონია, რომელიმე ვარიანტი კალაძისთვის შესანიშნავი იყოს. მისთვის ალბათ, აჯობებს, კიდევ ერთი ვადით თბილისის მერის პოსტისთვის ბრძოლა და დიდ პოლიტიკაზე მას შემდეგ ფიქრი, რაც პოლიტიკური ვითარება უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება“ - ალეკო ელისაშვილი

„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია

„არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა“ - ელენე ხოშტარია