მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ ჭარაია: პრემიერ-მინისტრი იმ გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს

 თსუ-ს „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი

„ცალსახად მივესალმები არა მხოლოდ ონლაინ კაზინოების მიმართ გარკვეულ შეზღუდვებს, არამედ ზოგადად კაზინოების მიმართ, თუ ეს საქართველოს მოქალაქეებს ეხება“, - ასე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას.

ჭარაიას თქმით, თუ უცხოელებს უნდათ, რომ ითამაშონ და თუ ამას როგორც ბიზნესს ისე განიხილავენ, მაშინ საწინააღმდეგო არაფერია.

ექსპერტი ამბობს, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საკითხის ფსიქოლოგიური გადაჭრა თუ ვერ ხერხდება, საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციები.

„მივესალმები ონლაინ კაზინოების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას იმიტომ, რომ მე თვითონაც დიდი ხანია მსგავსი პოზიცია გვქონდა, რომ ონლაინ კაზინოებთან და ზოგადად კაზინოებთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები იყო გადასადგმელი.

კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის საკმაოდ ღარიბი ქვეყანა უზარმაზარი თანხა იხარჯება ონლაინ კაზინოებზე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის და პლუს ქვეყნის შიგნით კაზინოებში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ ისევ და ისევ ღარიბი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.

ეს შემდგომ სოციალურად ბევრ პრობლემას ქმნის. ყველას გვყავს ალბათ საახლობლოში ისეთი ადამიანი, რომელსაც ვისაც აზარტული თამაშების გამო პრობლემები შეჰქმნია. სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩვენთან ფსიქოლოგიურადაც  გადალახული არ არის.

დასავლეთში კაზინოში ან ტოტალიზატორში თამაშობენ გართობისთვის, ჩვენთან რატომღაც გამდიდრებისთვის თამაშობენ. ჰგონიათ, რომ აუცილებლად გამდიდრდებიან თუ ითამაშებენ კაზინოში ან ტოტალიზატორში. დამოკიდებულება არის არასწორი ზოგადად ჩვენი საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად, ამას ეწირება ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ აქვს გათვითცნობიერებული, რომ ფიზიკურად ვერ გახდება მილიონერი კაზინოში თამაშით მით უმეტეს მცირე თანხით“, - განაცხადა ჭარაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორია ონლაინ, ფიზიკურ კაზინოებთან და ტოტალიზატორებთან წვდომა აიკრძალოს.

შესაბამისად, თუ ფსიქოლოგიურად ვერ ხერხდება ამ საკითხის სწორად მიწოდება და გადაჭრა, მაშინ აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ობიექტთან წვდომას შეგიზღუდავს. მსგავსი კანონმდებლობა ბევრ ქვეყანაშია მიღებული და მიდგომები სხვადასხვანაირია. ზოგან, მაგალითად ზღუდავენ ასაკს, ზოგან თანხას.

ასევე, არის ქვეყნები, სადაც მეუღლეების თანხმობის გარეშე ერთ-ერთ პირს კაზინოში არ უშვებენ. პირობითად, ქმარს თუ უნდა კაზინოში შესვლა აუცილებლად მის მეუღლეს უნდა დაუკავშირდნენ ან მეუღლის ცნობა უნდა ჰქონდეთ მეუღლისგან, რომ ის თანახმაა გარკვეულ თანხაზე.

ონლაინ კაზინოები ჩვენი ახალგაზრდების ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის და ხშირად სხვა პრობლემის წინაშე აყენებს. ცალსახად მივესალმები არა მხოლოდ ონლაინ კაზინოების მიმართ გარკვეულ შეზღუდვებს, არამედ ზოგადად კაზინოების მიმართ, თუ ეს საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

თუ უცხოელებს უნდათ, რომ ითამაშონ და თუ ამას როგორც ბიზნესს განვიხილავთ, კი ბატონო ამ კუთხით წინააღმდეგი არ ვარ. ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სწორია, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წვდომა ტოტალიზატორთან, ონლაინ კაზინოსთან თუ ფიზიკურ კაზინოსთან“, - დასძინა ჭარაიამ. 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.