მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყაზახეთში კუხო-ს ჯარების შესვლის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, რუსეთმა ვითარება ეფექტურად გამოიყენა“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან ყაზახეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა. 

მისი თქმით, ყაზახეთის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების შესვლის საფუძველი არ არსებობდა და ყაზახეთში არსებული ვითარება რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. 

„ყაზახეთში არსებული არეულობა თითქოს მოულოდნელი იყო, თუმცა, ამავე დროს, ეს მწიფდებოდა. მგონია, რომ ეს არის ტოტალური მმართველობის შედეგი, როდესაც ერთი ადამიანი ფლობს მთელ ქვეყანას როგორც ფეოდალი და იწყობს ცხოვრების კომფორტულ წესს ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე. იქ მორიგმა სოციალურმა კრიზისმა გამოიწვია სერიოზული პროტესტი, საზოგადოების ღარიბმა ფენამ ჩათვალა, რომ მათ ხარჯზე მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ეს სიტუაცია ეფექტურად გამოიყენა რუსეთმა, მან პრაქტიკულად მოახერხა ის, რომ ნაზარბაევის კლანი მოაცილა ვითარებას და დღეს ტოკაევის კლანი მართავს ქვეყანას, დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ არის კლანური მმართველობა.

კუხო-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის] წესდებით ყაზახეთში შესვლის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, რადგან არავითარი საგარეო საფრთხე არ არსებობს, იგი მოიგონეს, არცერთი ქვეყნის ჯარები არ შესულა ყაზახეთის ტერიტორიაზე და არავის არ უთქვამს, რომ იქ რაც ხდება მისთვის სასარგებლოა. კუხო იქ შედის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მართალია სხვა წევრი სახელმწიფოების ჯარებიც შედიან, მაგრამ სულ მალე ჩვენ ვნახავთ სიტუაციას, როდესაც სხვა ჯარები გამოვლენ და დარჩება მხოლოდ რუსეთი და რუსეთი სადაც შედის, იქიდან არ გამოდის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

მისივე თქმით, ყაზახი ხალხის ნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული არ არის, ამიტომ მათი ნება რუსეთმა „მოირგო“. 

„ეს არის ძალიან კარგი გაკვეთილი ბევრისთვის. ნაზარბაევი იყო პროდასავლური, ავტორიტარული ტიპის მმართველი, რომელიც ყველასთან ცდილობდა კარგი ურთიერთობების დალაგებას, თუმცა მაინც არ გამოუვიდა, ხალხმა თავისი გაიტანა, მაგრამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე არ იყო დაფუძნებული ხალხის ნება, ამიტომ ხალხის ნებას რუსეთი მოერგო. ყაზახეთი იხრება აღმოსავლეთისკენ, ისლამისკენ და ამას ეწინააღმდეგებიან რუსეთი და ჩინეთი, დღეს ეს სახელმწიფო ჩამოყალიბებული არ არის, დღეს ყაზახეთი ბოლომდე მიენდო კუხო-ს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს დაბეჯითებით ურჩიეს, რომ ჯობია მოეწვია კუხო-ს ჯარები, ვიდრე ღმერთმა უწყის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ ყაზახეთის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, რადგან რუსეთს მის მიმართ ინტერესები კვლავ გააჩნია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. 

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

ამავე თემაზე: 

🔴  ყაზახეთში სამხედროებმა საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე მოკლეს

🔴 მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს - სტეფან დიუჯარიკი

🔴  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴  სპეცოპერაცია ყაზახეთში - მომიტინგეების დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს