
28 მაისი საქართველოს მეზობელი რესპუბლიკის, თურქეთის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღე იქნება - ამ დღეს თურქეთში პრეზიდენტის სკამისთვის ორი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციური ეროვნული ალიანსის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ იბრძოლებს.
რა შეიცვლება ოპოზიციური კანდიდატის ქემალ კილიჩდაროღლუს გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის, ამ და სხვა საკითხებზე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კითხვებს ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა.
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ქემალ კილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთვის არსებითად და პრინციპულად არაფერი შეიცვლება.
ექსპერტი ამბობს, რომ კილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში უფრო მეტად დაიწყება დემოკრატიული პროცესები და ევროპასთან დაახლოება მოხდება.
„როგორც ჩანს, ალბათ მაინც ერდოღანი გაიმარჯვებს. ეს შეცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ ის წამსვლელია, უკვე ასაკშია და თუ მაინც გაიმარჯვა, ოპოზიცია ჩათვლის, რომ დროებითი გამარჯვებაა და გარკვეულ მოქმედებებს გააგრძელებს. შესაბამისად, ოპოზიცია გადაალაგებს და გადმოალაგებს რაღაც-რაღაცებს, რადგან თქვენი კითხვა მაინც კილიჩდაროღლუს ეხება, მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთვის არსებითად, პრინციპულად არაფერი შეიცვლება. თურქეთს საქართველოსთან სჭირდება კარგი ურთიერთობები, ამას აჩვენებდნენ პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ჯერ კიდევ ერდოღანამდე იყვნენ და ამბობდნენ, რომ საქართველო მნიშვნელოვანია მათთვის.
ასე რომ, ისინი არ გადახედავენ საქართველოსთან ურთიერთობებს, პირიქით მხოლოდ გაუმჯობესება მოხდება. კილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში უფრო მეტად დაიწყება დემოკრატიული პროცესები, მოხდება ევროპასთან დაახლოება, ადამიანის უფლებებზე ყურადღების გამახვილება, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება, რაც საქართველოსთვის დამატებითი ბონუსი იქნება, იმიტომ რომ საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირში.
ასევე, თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, რუსეთი აშკარად მარცხდება უკრაინაში და საჭირო იქნება, ნატოსთან მეტი ურთიერთობების გაღრმავება, თურქეთი ამისთვის მშვენიერი ხიდი იქნება.
თურქეთი არის ჩვენთვის ხიდი ნატოში დაკავშირებისთვის, ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობები კარგი იქნება. როცა გაძლიერდება, თურქეთი გახდება უფრო დემოკრატიული, ორიენტირებული დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო ღირებულებებზე, ეს გავლენას მოახდენს აზერბაიჯანზე. აზერბაიჯანშიც შეიძლება დაიწყოს დემოკრატიული პროცესები, პოლიტიკური რეპრესიები რომ არ იყოს და ასე შემდეგ.... ეს მოახდენს გავლენას აზერბაიჯანზე, რათა აზერბაიჯანმა შეცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება სომხეთის მიმართ.
კილიჩდაროღლუს შემთხვევაში აზერბაიჯანს მოუწევს რიტორიკის შეცვლა, თუ პოლიტიკის შეცვლა არა, სომხეთთან მიმართებით. მეტი სიმშვიდე დამყარდება. ჩემი აზრით, შედარებით დემოკრატიული თურქეთი ირანთანაც დაიწყებს რაღაც უფრო სხვა ურთიერთობებს, არააგრესიულს, უფრო შერბილებულს, რაც რეგიონზე გავლენას მოახდენს.
კილიჩდაროღლუს გაპრეზიდენტების შემთხვევაში იმდენად პრინციპული ცვლილებები შეიძლება არ იყოს საქართველოსთან მიმართებით, რამდენადაც რეგიონში. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები იქნება. ახლა აშკარად ჩანს, რომ ერდოღანის მიმართ სიმპათიები უფრო მაღალია. ორივე შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობები იქნება კარგი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ინფორმაციისთვის, 14 მაისს თურქეთში ერთდროულად როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ხმათა 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. შესაბამისად, 28 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპრეზიდენტო კენჭისყრაში გაიმარჯვებს ის, ვინც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს.