ანალიტიკა

მედვედევის გზავნილები ჩვენთვის საფრთხის შემცველი სიგნალია, რადგან რუსეთი დღემდე განგვიხილავს როგორც ტერიტორიულ დანაკარგს - გიორგი გობრონიძე

ექსპერტი, პროფესორი გიორგი გობრონიძე
1659527229
დაკოპირებულია

ექსპერტი, ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე რუსეთის ექსპრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა და იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს.“

როგორც რადიო „პალიტრას“ ეთერში საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, მედვედევის გზავნილები მთავარი საფრთხის შემცველი სიგნალი საქართველოსთვის. 

გობრონიძე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს დღემდე განიხილავს როგორც ტერიტორიულ დანაკარგს. 

„სტალინის აპოლოგეტი და მოყვარული არ ვარ, მაგრამ თუ შევხედავთ სტალინს, პუტინი ახლოსაც ვერ დაუდგება, გნებავთ ინტელექტუალური, გნებავთ პოლიტიკური და სხვა შესაძლებლობები. იმიტომ რომ ის არის გაცილებით მცირე და გაცილებით სუსტი ვერსია სტალინის და ვერასდროს გახდება მისი მსგავსი. ამას ცდილობს და  მედვედევის გზავნილები იმპერიის აღდგენაზე და საბჭოთა კავშირის რევანშიზმზე, სწორედ ეს არის მთავარი საფრთხის შემცველი სიგნალი ჩვენთვის, რომ რუსეთი დღემდე განგვიხილავს როგორც ტერიტორიულ დანაკარგს“, - აცხადებს გობრონიძე. 

რაც შეეხება ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს, გობრონიძე ამბობს, რომ სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ დანაკარგად განიხილავს, რთულია რაიმე ფორმით მოლაპარაკებაზე საუბარი. 

მისივე თქმით, დღევანდელი ქართულ-რუსული ურთიერთობები ერთგვარი დიპლომატიური ბიპოლარული აშლილობაა. 

„სანამ ჩვენ მისთვის ვართ ტერიტორიული დანაკარგი, ძალიან რთულია რაიმე ფორმით მოლაპარაკებაზე საუბარი. ჩემთვის მაგალითად, ამ შემთხვევაში დიალოგი რუსეთთან ერთი მხრივ არის ურთულესი ამოცანა, მეორე მხრივ კი არის ისტორიული აუცილებლობა. იმიტომ რომ მოლაპარაკებას მშვიდობაზე ვაწარმოებთ მტერთან. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური აქსიომა, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორ ველაპარაკო იმას, ვინც მე არ განმიხილავს სახელმწიფოდ და ვისთვისაც ვარ ტერიტორიული დანაკარგი? 

მე ვამბობ, რომ გვჭირდება მოლაპარაკება, მაგრამ როგორ ველაპარაკო მას? აქ უკვე მეორე დიდი პრობლემა ჩნდება. დღევანდელი რუსულ-ქართული ურთიერთობები წარმოიდგინეთ, ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ბიპოლარული აშლილობა. იმიტომ რომ რუსეთი საერთოდ უარყოფს საქართველოსთან კონფლიქტის არსებობას. რუსული დიპლომატია არ აღიარებს ჩვენთან კონფლიქტს და ის ამბობს, რომ 2008 წელს იყო ეს „ინციდენტი“, გვაიძულეს მშვიდობის დამყარება, გაჩნდა „2 სახელმწიფო“ კავკასიაში, საქართველოში არ არის არცერთი რუსი ჯარისკაცი, ჩვენ საქართველოსთან კონფლიქტი არ გვაქვს“. 

ეს ახალი რეალობა ჩვენთვის არის ოკუპირებული 20% ტერიტორიის და ყოველი მე-12 ადამიანი იძულებით გადაადგილებული ქვეყანაში, სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდით, ჩვენ გვაქვს რუსეთთან კონფლიქტი. 

მათ შექმნეს თავიანთი რეალობა, გამოიგონეს ეს რეალობა და ამას ასაღებენ ოფიციალურ დიპლომატიურ პოზიციად“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე. 

ამავე თემაზე: 

✔️  შეგნებულად შემოაგდეს მედვედევის ეს განცხადება და კონკრეტული დროის მონაკვეთში ის უნდა წაშლილიყო - კახა ქემოკლიძე

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ დიმიტრი მედვედევის თანაშემწის თქმით, მედვედევის „VKontakte-ს“ ანგარიში გატეხეს