მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას უყენებს, ევროკავშირის დნმ-ში ასეთი სიტყვა არ ზის - ვანო ჩხიკვაძე

ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი

ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის ევროპული საბჭოს მხრიდან ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კონტექსტში განყენებულად რომ ყოფილიყო, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ამ რეალობის გათვალისწინებით კი, ეს არ არის ის, ყველაფერი რისი გაკეთებაც საქართველოს შეეძლო. 

როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ვანო ჩხიკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რეკომენდაციები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, ახალი არ არის. 

ჩხიკვაძე ამბობს, რომ ახლა მთავარია პოლიტიკური ნება, რომ რეფორმები განხორციელდეს.  

„საქართველოს ასე განყენებულად თუ ავიღებთ და არ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტიც, რა კონტექსტიც არსებობდა და დღემდე არსებობს, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამ ყველაფერს თუ კონტექსტში შევხედავთ და იმ რეალობას გავითვალისწინებთ, რა რეალობის წინაშეც ვდგავართ, ვფიქრობ ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. 

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით, რომ გაგვეგრძელებინა გზა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. რამდენად მოვახერხებთ, რომ მათ დავეწიოთ, რომლებიც მოცემულ მომენტში ჩვენზე ერთი ნაბიჯით არიან წინ ამას დრო გვიჩვენებს, ამ წუთს ბურთი არის ჩვენს მოედანზე. 

რეკომენდაციები ახალი არ არის, რაც უნდა შევასრულოთ. აქ ისევ და ისევ მთავარი არის პოლიტიკური ნება და ხედვა ხელისუფლების მხრიდან თუ როგორ აპირებს ამ ყველაფრის შესრულებას“, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ პროცესებში ვის პასუხისმგებლობას ხედავს მეტწილად, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის. 

ამასთან, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას იყენებს, რადგან მის დნმ-ში ასეთი სიტყვა უბრალოდ არ ზის. 

„ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას. იმიტომ რომ ხელისუფლებას უმრავლესობა აქვს, ხელისუფლება აკონტროლებს თითქმის ყველა ინსტიტუციას. შესაბამისად, მას შეუძლია ეს ყველაფერი შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი თუ არა, 90%-ით მაინც შეუძლია. 

მართლმსაჯულების რეფორმა ვის შეუძლია განახორციელოს? - კი, ხელისუფლებას. პოლარიზაციის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ სხვა აქტორები იყვნენ ჩართული და სხვებმაც გადადგან ამისთვის ნაბიჯი, მაგრამ პირველი ნაბიჯი ვინც უნდა გადადგას და ვისაც უფრო მეტი მოეთხოვება, ამ კუთხითაც არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. 

ბუნებრივია, ამ ყველაფერზე ხელისუფლება არის პასუხისმგებელი.  ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას უყენებს. ევროკავშირის დნმ-ში უბრალოდ ომი, ასეთი სიტყვა არ ზის. იმიტომ რომ ევროკავშირი თავის დროზე 50-იან წლებში შეიქმნა ზუსტად იმის გამო, რომ მათ აღარ უნდოდათ ომი. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ეს იყო ის რისთვისაც წერტილი უნდა დაესვათ. აქედან გამომდინარე ის რისთვის ევროკავშირი შექმნილი არის, ეს არის მშვიდობა. ის არავის არ უცხადებს ომს. ეს არ არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრობა-არწევრობა ფასდება. ევროკავშირის კრიტერიუმი და შეფასება არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ“, - აცხადებს ჩხიკვაძე. 

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა“, ვანო ჩხიკვაძე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად ევროპაა, საკითხი დახურულია და გახსნას აღარ ექვემდებარება“. 

„ემანუელ მაკრონის გამოთქმა, რასაც ხელისუფლება ძალიან აქტიურად იყენებს, კარგი იქნებოდა, რომ ეს განცხადება არ გაკეთებულიყო, მაგრამ სამი რამ მინდა შევახსენო ყველას. პირველი - საფრანგეთს და მის პარლამენტს რატიფიცირებული აქვს ასოცირების შეთანხმება საქართველოსთან, რომელშიც არის ჩანაწერი, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, ამაზე დისკუსია ფაქტობრივად დასრულებულია. 

მეორე - 2011 წელს, როცა მაკრონის წინამორბედი სარკოზი თბილისში იყო, თუ ნახავთ მის მიმართ საქართველოს მოსახლეობისადმი, იქ წერია, რომ საქართველო არის ევროპა და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. 

მესამე - იმ დოკუმენტში, რომელიც გუშინ დამტკიცდა, არის საქართველოსთვის მიცემული ევროპული პერსპექტივა. ევროპულ პერსპექტივას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ის სახელმწიფო, რომელიც ითვლება ევროპის ნაწილად. აქედან გამომდინარე ის ნარატივი და დისკუსია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად არის ევროპა თუ ასე შემდეგ, დახურულია და გახსნას აღარ ექვემდებარება“, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე. 

ინფორმაციისთვის, მაკრონის განცხადებით, „სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოვყოფთ, საქართველო გეოპოლიტიკურად სხვაგანაა“.

23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴  ევროპული პერსპექტივა დასაკნინებელი არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა გადაწყვიტა - გია ვოლსკი

🔴 „საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე“ - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

🔴 27-ჯერ კი - შოლცი უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

🔴 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?