
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან პირველად მას ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ხანგრძლივი და შინაარსობრივი საუბარი ჰქონდა. ეს საუბარი ინტერესს იმის გამო იწვევს, რომ ჩინეთს აქვს ომთან დაკავშირებით სამშვიდობო ინიციატივა, რომელსაც ამ ეტაპზე არც კიევი, არც დასავლეთი მხარს არ უჭერენ. BBC სი ძინპინის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის მნიშვნელობაზე სტატიას აქვეყნებს.
„მიმაჩნია, რომ ეს საუბარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ელჩად ჩინეთში პაველ რიაბკინი დაინიშნა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ელჩის დანიშვნის შესახებ. მანამდე რიაბკინი უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი იყო.
პეკინმა განაცხადა, რომ საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.
უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის სატელეფონო კონტაქტი მოსალოდნელი იყო ჩინეთის ლიდერის მოსკოვში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
ის, რომ ზელენსკის და სი ძინპინის სატელეფონო საუბარი იგეგმებოდა, ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტამდეც იყო ცნობილი. მაშინ ამაზე Wall Street Journal წერდა.
თავად ზელენსკიმ მარტში გაზეთ Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით გააგზავნა ჩინეთის ლიდერთან შეთავაზება მოლაპარაკების შესახებ. აპრილის დასაწყისში ჩინეთის ლიდერმა თქვა რომ მზად იყო უკრაინის პრეზიდენტთან სასაუბროდ.
სატელეფონო საუბრის დეტალების აღნიშვნის გარეშე, ჩინეთის ოფიციალური მედია სავსეა ქებით სი ძინპინის მიერ „სიტუაციის კონტროლის დამყარების“ გამო და ასევე ჩინეთის „ნეიტრალიტეტს“ ხაზს უსვამს.
ჩინეთის ოფიციალური მედიის ინფორმაციის წაკითხვისას შეიძლება შეამჩნიოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: უარყოფითი დასკვნების არარსებობა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ხსენებისას.
უკრაინა კვლავ გახდა „სტრატეგიული პარტნიორი“ და ზელენსკი არის პრეზიდენტი „რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა“ ორმხრივ ურთიერთობებს. სი ძინპინმა პირველად მადლობა გადაუხადა უკრაინას ომის პირველ დღეებში ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის.
ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ახსენებდა ჩინური მედია უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის ომის დაწყებისას.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ჩინური მედია პრაქტიკულად ერთი ერთში ავრცელებდა მოსკოვის პოზიციას და ნარატივებს, დაწყებული იმით, თუ როგორ წარმატებით ანადგურებს რუსული ბომბები უკრაინის იარაღის საცავებს და დამთავრებული იმით, თუ როგორ იწვევს ნატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ომის ესკალაციას. ჩინური სოციალური მედია ანტიდასავლური მოწოდებებით ასევე სავსე იყო.
ტონის ოფიციალური ცვლილება, როგორც ჩანს, შეესაბამება იმას, რასაც ახლა სის მთავრობის „დიდ დიპლომატიურ შეტევას უწოდებენ“, რომელიც მიზნად ისახავს „მეგობრობის გაჩენას“ ევროპაში.
სატელეფონო ზარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებამ, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტში ეჭვი შეიტანა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
განხორციელდა თუ არა სატელეფონო ზარი დიპლომატიური ზიანის აღმოფხვრის მიზნით? შეუძლია თუ არა სის მართლაც „გააკონტროლოს სიტუაცია?“ მთელი მსოფლიო ამას უდავოდ დიდი ინტერესით აკვირდება.
დასავლეთის ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივები უკრაინისთვის ძალიან ბუნდოვნად ჟღერს და არ შეიცავს ომიდან გამოსვლის კონკრეტულ გზას. ეს კი შეიძლება გამოყენებული იყოს პუტინის მიერ ისეთი „ზავისთვის“, რის შედეგადაც რუსული ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებენ.
ზელენსკის სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ „ჩინური მხარე მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესს“. მისი განცხადებით, არსებობს „ფართო კონსენსუსი“ ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 24 თებერვალს - ომის წლისთავზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია მოუწოდებს პეკინს გამოიყენოს რუსეთში თავისი გავლენა ომის დასასრულებლად.
ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა, რომლის გაყიდვაც ევროპაში აღარ არის შესაძლებელი მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამო, ამასთანავე უკრაინაში რუსეთის შეჭრის ღია მხარდაჭერისგან თავს იკავებს.
შეერთებულმა შტატებმა ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ჩინეთმა შესაძლოა დაიწყოს რუსეთისთვის იარაღის ან საბრძოლო მასალის მიწოდება. პეკინი უარყოფს მსგავს გეგმას.
BBC-ის კორესპონდენტი უკრაინაში ჯეიმს უოტერჰაუსი ამ სატელეფონო საუბრის მნიშვნელობის შესახებ:
ერთი თვის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ სურდა სი ძინპინთან საუბარი, და მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სი კიევში მიიწვია. თუმცა, ჩინეთის ლიდერი არასოდეს ახორციელებს ასეთ ვიზიტებს, თუ მათ საჭიროებას ვერ ხედავს.
პეკინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაგმო და ამის ნაცვლად კიდევ უფრო გააძლიერა ეკონომიკური კავშირები ქვეყანასთან. ახლა, როგორც ჩანს, ის მზად არის გააღრმაოს ურთიერთობები კიევთან, რომელიც ასევე იმედოვნებს ჩინეთთან კავშირების გაძლიერებას.
თუმცა, მათ შორის არსებობს უზარმაზარი იდეოლოგიური აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი. პეკინს პოლიტიკური კომპრომისი სურს, კიევს კი სამხედრო გამარჯვება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ზელენსკი იმედოვნებს, რომ ეს სატელეფონო ზარი რუსეთის შემოჭრის მხარდაჭერას გარკვეულწილად ხელს შეუშლის.