
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაცია ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა. Deutche Welle ამ ხალხს გაესაუბრა და ამაზე სტატიას აქვეყნებს.
ეს მიგრაციის ახალი ტალღაა. საქართველომ და სომხეთმა რუსეთში ათობით ათასი ადამიანი მიიღო. ზოგიერთი ერევანსა და თბილისში საცხოვრებლად დარჩა, სხვები კი ამ ადგილებს ტრანზიტისთვის იყენებენ. ვინ წავიდა რუსეთიდან. როგორ მოეწყვნენ, რას ფიქრობენ უკრაინაში ომის შესახებ და რუსეთის პოლიტიკური მომავლის თაობაზე და ასევე სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე?“ - წერს DW.
ამ ადამიანების განწყობების აღწერა ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOiS) მკვლევრებმა სცადეს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მხარდაჭერით, 2022 წლის შემოდგომიდან მათ პირდაპირი გამოკითხვა ჩაატარეს 1600 რესპონდენტს შორის.
პირველი, რაზედაც კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, არის ახალი ემიგრანტების ასაკი და განათლება: ისინი ზოგადად უფრო ახალგაზრდები და განათლებულები არიან, ვიდრე რუსეთის საშუალო მოსახლეობა. ეს არის დედაქალაქის ახალგაზრდობა: ჩამოსულები არიან ოთხი დიდი ქალაქიდან, პირველ რიგში მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან.
მიგრანტები რუსეთიდან, რომლებიც საქართველოსა და სომხეთში მოხვდნენ, აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლებას და დადებითად აფასებენ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის (66% სომხეთში, 46% საქართველოში) და ევროკავშირს ( 57% და 60% შესაბამისად). გამოკითხულთა უმეტესობა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ემიგრანტები თავიანთი თანამოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთში დარჩნენ, უფრო ლიბერალურები არიან. თუ, ზოგადად, რუსეთში ახალგაზრდების (18-24 წლის) უმრავლესობა მხარს უჭერს ყველას უფლებას აირჩიონ პარტნიორი სქესის მიუხედავად, ZOiS-ის მიერ გამოკითხულ ემიგრანტებს შორის ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია - 91% სომხეთში და 58% - საქართველოში.
გამოკითხვის თანახმად, სომხეთში ძირითადად კაცები ჩადიან (ჩასული ადამიანების თითქმის ორი მესამედი), ახალგაზრდები (საშუალო ასაკი - 30 წელი), რომელთაგან ბევრი დასაქმებულია IT სექტორში (37 პროცენტი). სომხეთში გამოკითხული რუსების ნახევარზე მეტი (50.4%) მიიჩნევს, რომ ემიგრანტებმა უნდა გააგრძელონ პოლიტიკური აქტიურობა საზღვარგარეთ, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთში არსებულ ვითარებაზე.
საქართველოში წასულთა 39,6% მომხრეა იმ საქმიანობის გაგრძელების, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსეთის ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე, 38,6% კი წინააღმდეგია.
ZOiS, ასევე, ამახვილებს ყურადღებას ამ ქვეყნებში დარჩენის პირობების განსხვავებაზე. დე ფაქტო მათ შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში (სომხეთში საკმარისია რეგისტრაცია, საქართველოში საკმარისია საზღვრის გადაკვეთა წელიწადში ერთხელ). მიუხედავად ამისა, მკვლევრების აზრით, სომხეთი სოციალურად და პოლიტიკურად უფრო ახლოს რჩება რუსეთთან, ხოლო საქართველოში უფრო კრიტიკული დამოკიდებულებაა რუსეთის ხელისუფლების მიმართ და ზოგადად რუსების მიმართ. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად არ უშვებენ. თავად რუსები ორ ძირითად პრობლემას უჩივიან: საცხოვრებლის შოვნის სირთულეს და ფსიქოლოგიურ სირთულეებს (განსაკუთრებით აქტუალურია სომხეთში).
ემიგრანტების განწყობის შეფასებისას, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სომხეთში რუსები წასვლის შემდეგაც პოლიტიკურად უფრო აქტიურები ჩანან: ისინი უფრო ხშირად განიხილავენ პოლიტიკას მეგობრებთან და ოჯახთან ერთად და მზად არიან ჩაერთონ დისკუსიაში სოციალურ ქსელებში. ისინი, ასევე, უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, განსხვავებით საქართველოში ნაკლებად პოლიტიზებული და უფრო დაყოფილი რუსული დიასპორისგან. რუსები, რომლებიც აღმოჩნდნენ როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში, იშვიათად არიან მზად მონაწილეობა მიიღონ საპროტესტო აქციებში რუსეთის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ.
რუსები, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია სამუდამოდ დატოვეს, კვლავ თვალყურს ადევნებენ უკრაინის ომს. ეს ინტერესი უკიდურესად მაღალია საქართველოში მიგრანტებში (გამოკითხულთა თითქმის 90% თვალყურს ადევნებს იქ მიმდინარე მოვლენებს). მაგრამ სომხეთში რუსებს შორის ეს ინტერესი ნაკლებია: მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 70% ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება უკრაინაში, გამოკითხულთა 23%-მა თქვა, რომ ადრე თვალს ადევნებდნენ, მაგრამ ახლა ეს საკითხი აღარ აინტერესებს.
როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში წასულთა 40%-ზე ნაკლები გრძნობს პასუხისმგებლობას რუსეთის პოლიტიკურ მომავალზე. სომხეთში წასული რუსებიდან 27%-ს არ სურს პასუხისმგებლობა იგრძნოს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ მომავალზე. იგივე განწყობის მქონე რუსი საქართველოში 19%-ია.
კვლევის შედეგებმა, ასევე, აჩვენა, რომ საქართველოსა და სომხეთში რუსი მიგრანტების ნახევარზე მეტს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რამდენი ხნით დატოვა რუსეთი. აღსანიშნავია, რომ სომხეთში მეტი წასული ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციაში არ დაბრუნდება: 20 პროცენტი სომხეთში და 12 პროცენტი საქართველოში.
სამშობლოს დატოვების შემდეგ, რუსებს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ემუქრებათ, აღნიშნავენ მკვლევრები. კრემლის თვალსაზრისით კი, ამ პროცესს მისთვის დადებითი მხარე აქვს: ამგვარად, მმართველმა რეჟიმმა ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები მოიშორა.
მეორეს მხრივ, ახალგაზრდების და განათლებულთა წასვლამ რუსეთის შრომის ბაზარზე სერიოზული პრობლემები შექმნა, ეს ძალზე ჰგავს 1990-იანი წლების „ტვინების გადინებას“. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ პუტინის რეჟიმისადმი საზღვარგარეთ რუსების წინააღმდეგობა მომავალში შესაძლოა გაიზარდოს.
„როგორც ჩანს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები რუსი დაბრუნდება თავის ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში“, - წერენ კვლევის ავტორები.