ანალიტიკა

საქართველოში პოლარიზაცია არ შესუსტებულა, როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალშიც ვერ მივიღებთ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
1669280284
დაკოპირებულია

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიარებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრა. 

კახა გოგოლაშვილის თქმით, როგორც ჩანს, საქართველო უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან პოლარიზაცია ამ დრომდე არ შესუსტებულა. 

„შესაძლებელია უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ, მიუხედავად იმისა, ევროკავშირი გვპირდებოდა, „შეიძლება 6 თვეში მოგანიჭოთ“, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად განვახორციელებდით იმ რეფორმებს, რომელიც იმ 12 პუნქტშია მოცემული. როგორც ჩანს ეს ვერ მოხდება უმთავრესი მიზეზის გამო - პოლარიზაცია არ შესუსტებულა საქართველოში, ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება გარკვეული კანონპროექტების გარშემო.

ამის გამო ევროსკეპტიციზმი ქვეყანაში აბსოლუტურად გაუმართლებელია, ჩვენ უკვე მივიღეთ პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც შეიძლება ვერ მიგვეღო კიდევ 5 წლის განმავლობაში, რომ არ დაწყებულიყო ომი უკრაინაში.

აბსოლუტურად ნონსენსი იქნება, თუ რუსული პროპაგანდა იტყვის, რომ „აი, ხომ ხედავთ საქართველოს არ აძლევენ კანდიდატის სტატუსს“. საქართველოსთვის უკვე მიცემულია ევროპული პერსპექტივა, ესეც სტატუსია. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი სპეციალური პროგრამით იწყებს ჩვენს დახმარებას იმისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეფორმები გასაწევრიანებლად.

გვექნება თუ არა კანდიდატის სტატუსი 1 წლის განმავლობაში, ამას ტექნიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ბოლო მიზანი, დავიწყებთ თუ არა მოლაპარაკებებს და დავასრულებთ თუ არა მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე“, - აცხადებს გოგოლაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დახმარება სჭირდება საქართველოს, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას სამხედრო ხასიათის დახმარება სჭირდება. 

„თუ საუბარია ამ ომისგან გამოწვეული კრიზისის პირობების დასაძლევად, საქართველოს, რა თქმა უნდა, სჭირდება სამხედრო ხასიათის დახმარება, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მედეგობის გასაძლიერებლად. ასეთი დახმარება უკვე გამოყო ევროკავშირმა, რაც უპრეცედენტო იყო. თუ არ ვცდები, დაახლოებით, 20 მილიონი იყო.

ამის გარდა, საქართველოს სხვა სახის დახმარება დასჭირდება, ამ დახმარების ძალიან დიდი ნაწილი უკვე გაწერილია. შესაძლოა, ჩვენ დახმარება დაგვჭირდეს სოციალური ხასიათის იმისთვის, რომ საქართველოში მეტად სტაბილური იყოს სოციალური გარემო“, - აცხადებს გოგოლაშვილი. 

რაც შეეხება, ევროპარლამენტის მიერ რუსეთთან მიმართებით რეზოლუციას, კახა გოგოლაშვილის თქმით, აქტს სიმბოლურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციას.

„სამართლებრივად შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, იმიტომ რომ ევროკავშირს არ აქვს ისეთი სამართლებრივი ჩარჩო შექმნილი, როგორც შეერთებულ შტატებს. ჯერ ერთი ევროპარლამენტი იყო, რომელმაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და არა ევროკავშირის საბჭომ. 

ამ აქტს სიმბოლურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ამ აქტით ევროკავშირი ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციას, მოსკოვს, კონკრეტულად კრემლს. ეს რეპუტაციული ზიანი, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მოქმედებს როგორც იარლიყი, რომელიც მას მთელ მსოფლიოში მას რაღაცნაირად სხვანაირად შეხედავენ“, - დასძინა გოგოლაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 კრეისერ „მოსკვას“ განადგურებით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა - გიგა ინაშვილი

🔴 გამორიცხულია სამკურნალოდ რომ გავუშვათო და ირაკლი კობახიძეს ვინ ეკითხება, რას გადაწყვეტს სასამართლო - ვატო სურგულაძე

🔴  თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა

🔴 დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - მაკრონი კიევის სარაკეტო დარტყმაზე