ანალიტიკა

შეუძლებელია ბორის ჯონსონის პირადი მონაწილეობის გარეშე ევგენი ლებედევი ლორდთა პალატის წევრი გამხდარიყო - გიორგი ბადრიძე

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი
1657269004
დაკოპირებულია

საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრობს და იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ჯონსონს პოსტის დატოვება მოუწია. 

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში ყოფილმა ელჩმა ჯონსონზე საუბრისას აღნიშნა, ბორის ჯონსონის მიმართ ნდობა მისივე პარტიამ თანდათანობით დაკარგა და ეს იყო თანმიმდევრული პროცესი. 

„ბორის ჯონსონი მართლაც გმირად მოევლინა ჩვენს საზოგადოებას, როდესაც ითავა მან ევროპაში უკრაინის მიმართ დახმარების ლიდერობა. საბოლოო ჯამში, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა ზოგიერთ შემთხვევაში არანაკლებ დიდი დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, უფრო სერიოზული სანქციებიც დაუწესა რუსეთს, ვიდრე ბრიტანეთმა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პროცესის ლიდერი ბორის ჯონსონი იყო. ეს არის უდავო და ძალიან დასაფასებელი ფაქტი. 

მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეცვლის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ბორის ჯონსონს, ეს ხაზი გაგრძელდება და უფრო მეტიც, ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მათ სრულიად ნათლად და მკვეთრად აქვთ გაცხადებული, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ურყევი უნდა იყოს და გაგრძელდეს მის საბოლოო გამარჯვებამდე. 

ერთადერთი კრიტიკა, რომელსაც ბორის ჯონსონის მთავრობა იღებდა „ლეიბორისტული“ ოპოზიციისგან იყო ის, რომ არასაკმარისად სწრაფად კეთდებოდა უკრაინისთვის და მათ შორის ზოგიერთი, კონკრეტული ფაქტი იყო მოყვანილი, რომ ბრიტანეთს შეეძლო ბევრად უფრო ეფექტიანი და მეტი სანქციის დაწესება რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებთანაც ზოგჯერ კავშირში ბატონ ჯონსონს ამხილებდნენ ხოლმე, რაც საფუძველს მოკლებული არ არის. 

შევთანხმდეთ ერთ საკითხზე და მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ შექსპირისეულ შედარებას, რომ მისმა გმირობამ გამოიწვია მისი დაცემა. ბორის ჯონსონის მიმართ ნდობა მისივე პარტიამ თანდათანობით დაკარგა და ეს გამოწვეული იყო ძალიან სერიოზული არა მარტო სკანდალებით, სადაც ის ეხვეოდა და ეს სკანდალები მისივე შემოქმედება იყო, არამედ იმის გამო, რომ ბორის ჯონსონმა ვერ განახორციელა ყველაზე მთავარი, რამაც ის გახადა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი. 

მან ვერ დაასრულა წარმატებით „ბრექსიტი“. დიახ, ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან. ბორის ჯონსონმა შეთანხმება დადო, მაგრამ ეს შეთანხმება არ ასრულებს ბრექსიტის. მაგალითად, დღემდე გაურკვეველია სად გაივლის ბრიტანეთის ეკონომიკური საზღვრები ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ ირლანდიას შორის. 

შეუძლებელია ბორის ჯონსონის პირადი მონაწილეობის გარეშე ევგენი ლებედევი (რუსი ბიზნესმენი, რუსი ოლიგარქისა და კგბ-ს ყოფილი აგენტის ალექსანდრე ლებედევის შვილი) გამხდარიყო ლორდთა პალატის წევრი. ეს არ არის ბრალდება, ეს პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, სხვა ვერავინ ვერ გახდის ნებისმიერ ადამიანს ლორდთა პალატის წევრად. პრემიერ-მინისტრი უგზავნის მონარქს კანდიდატების სიას, რომელსაც შემდეგ მონარქი ნიშნავს ლორდთა პალატაში“, - აცხადებს ყოფილი დიპლომატი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, სად იყო წითელი ხაზი? იყო ეს კოვიდის თემა, ლებედევის თუ ბრექსიტის ? გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ პროცესებით თანდათანობით წარიმართა და სწორედ ამის შემდეგ დაკარგა ჯონსონმა ფრაქციის ნდობა. 

„ეს იყო თანდათანობითი პროცესი, რომლის შედეგადაც პრემიერ-მინისტრმა დაკარგა საკუთარი საპარლამენტო ფრაქციის ნდობა. დაიწყო შეპირებით, რომ ბრექსიტს დაასრულებდა, შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, სკანდალების ციკლი“, - აცხადებს ყოფილი ელჩი. 

შეგახსენებთ, 7 ივლისს ბორის ჯონსონმა ოფიციალურად დატოვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას.

გადადგომას წინ უძღოდა კონსერვატორული პარტიისა და მთავრობის მიერ ბორის ჯონსონის კრიტიკა და მოწოდება მისი გადადგომის შესახებ.

ამავე თემაზე: 

🔴 ბორის ჯონსონი გადადგა

🔴  „სულელი კლოუნის სამწუხარო დასასრული“ - კრემლში ბორის ჯონსონის გადადგომას მხიარულება მოჰყვა

🔴  ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა