ანალიტიკა

წაგვართმევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილებს? – Aljazeera

ხელოვნური ინტელექტი
1680008039
დაკოპირებულია

ChatGPT-ის ამოქმედების შემდეგ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგიაა, სულ უფრო მეტი საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა, შესაძლოა, ადამიანებს სამუშაო ადგილები წაართვას. პირველ რიგში მასწავლებლებს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს, პირიქით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ChatGPT-ის ამოქმედებიდან სულ რაღაც 4 თვე გავიდა. ამ პროგრამამ კი უკვე აჩვენა, რომ შეუძლია ამოცანების ფართო სპექტრის შესრულება, ესენია აშშ-ში სამედიცინო გამოცდების ჩაბარება და ლიცენზიის მიღება, ასევე ელექტრონული წერილების და სიმღერების წერა, აპლიკაციების შექმნა. ზოგიერთმა „მოხერხებულმა“ მომხმარებელმა ეს ტექნოლოგია ჰაკერული შეტევებისთვისაც გამოიყენა.

პროგრამაზე წვდომა თავისუფალია და ამან ახალი შესაძლებლობები შექმნა, რაც ადრე ხელოვნური ინტელექტის მიერ ვერ ხორციელდებოდა. აპლიკაციის შემქმნელებს ბევრი აკრიტიკებდა გაუმჭვირვალე პროგრამირებისთვის, რაც მათ ხელოვნური ინტელექტის შექმნისას გამოიყენეს.

აპლიკაცია კომპანია OpenAI-მა შექმნა. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია გახდა. ამოქმედებიდან ორ თვეში მომხმარებელთა რაოდენობა 100 მლნ-ს გადასცდა.

ამ წარმატების შემდეგ Microsoft-მა თავისი სამძებრო სისტემა Bing-ის და Edge-ს ბრაუზერებში ინტეგრირება მოახდინა, რათა მომხმარებელთა მუშაობა გაეუმჯობესებინა. ერთი კვირის წინ მსგავსი აპლიკაცია Google-მავ აამოქმედა. ის Bard-ის სახელით არის ცნობილი.

მარტის შუა რიცხვებში კი ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Baidu-მ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია შექმნა - სახელწოდებით Ernie. ანუ ხელოვნურ ინტელექტებს შორის „შეიარაღების რბოლა“ გამწვავდა.

ამასთანავე, OpenAI-მ აამოქმედა GPT-4, რაც ChatGPT-ს ტექნოლოგიის განახლებული ვერსიაა. ახალ პლატფორმას შეუძლია გამოსახულების და 25 000 სიტყვამდე ტექსტების გაანალიზება, ვებსაიტების შექმნა ხელით დახატული ესკიზების გამოყენებით და წამებში თამაშების თავიდან შექმნა.

ამჟამად კომპანიები ChatGPT-ზე დაფუძნებული პროდუქტების ამოქმედებას სხვადასხვა სფეროებში ცდილობენ - კლიენტების მომსახურებიდან დაწყებული ფინანსური ანალიტიკით დამთავრებული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს, რომ 2023 წელს 208 მლნ ადამიანი უმუშევრად დარჩება. იმოქმედებს თუ არა ამაზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც სამუშაო ადგილებს ჩაანაცვლებს? როგორია ამ სფეროს მომავალი?

მოკლე პასუხი: ChatGPT და მისი კონკურენტები შრომის ბაზარს კარდინალურად შეცვლის, მათ შორის ზოგიერთ სექტორში სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს, მაგრამ საერთო ჯამში ტექნოლოგია წარმადობას გაზრდის და ადამიანების შრომას შეავსებს“ - ამბობენ Aljazeera-ს ექსპერტები.

„ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ის აქტიურად გამოიყენება გაუმჯობესებული სამძებრო სისტემის როლში ინფორმაციის შეგროვების, ტექსტების „შავი“ აკრეფისა და გარკვეულ სტილში ტექსტის შესაქმნელად. ეს მრავალ პროფესიაში და სფეროში შეიძლება გამოიყენებოდეს“, - განაცხადა Bruegel-ის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელმა ლაურა ნურსკიმ.

პენსილვანიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების ექსპერტები მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ახალი ტექნოლოგიები ყველაზე მეტად ტელემარკეტოლოგებს და მასწავლებლებს დააზარალებს. პედაგოგთა შორის ყველაზე მეტად ენის და ლიტერატურის სპეციალისტები, ასევე ისტორიის, სამართლის, ფილოსოფიის, რელიგიის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის და ფსიქოლოგიის ექსპერტები დაზარალდებიან. მაგრამ სრულად ამ პროფესიებში მომუშავე ადამიანებს ის ვერ ჩაანაცვლებს - სასწავლო მასალები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, მაინც ადამიანმა უნდა შექმნას და ამაში, ბუნებრივია, იმ პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. „გარკვეული ამოცანები ავტომატურ რეჟიმში გადავა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველა ჩვენს ამოცანას შეასრულებს“, - განაცხადა ნურსკიმ.

გარკვეულ სფეროებში ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი საერთოდ ვერ შეცვალა, მაგალითად მისი მონაწილეობა საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა ლოგიკასა და რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში.

„კვლევებმა აჩვენა, რომ რუტინული სამუშაო ადგილები, როგორიცაა თარჯიმნობა და სატელეფონო ოპერატორები, შეიძლება გამოიცვალოს ხელოვნური ინტელექტით“, - ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი გეორგიოს პეტროპულოსი.

ექსპერტებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მასალები მოჰყავთ, რომლის შეფასებით 2025 წლამდე ხელოვნური ინტელექტის გამო 85 მილიონი ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს, მაგრამ პარალელურად 97 მლნ. ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს ეხება საინფორმაციო უსაფრთხოებას, ციფრულ მარკეტინგსა და სხვა სფეროებს.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები შრომის ეფექტიანობას გაზრდის. არსებობს ამის მტკიცებულებებიც. ექსპერიმენტმა, რომელშიც 444 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხმარებათ, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ. ამ ადამიანებს პრესრელიზების, ანგარიშების და დელიკატური ელექტრონული წერილების დაწერა სთხოვეს.

მონაწილეთა ნახევარი ChatGPT-ის ტექნოლოგიას იყენებდა. ტექნოლოგია განსაკუთრებით დაბალი კვალიფიკაციის ადამიანებს დაეხმარა, რომლებმაც სამუშაოს შესასრულებლად ნაკლები დრო დახარჯეს, ხოლო ხარისხის სხვაობა მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსა და კვალიფიციური პირების მიერ შესრულებულ დავალებას შორის, შემცირდა.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დანერგვას მეცნიერები ავტომობილების მიერ ცხენების ჩანაცვლებას ადარებენ. შემცირდა იმ ადამიანების დასაქმება, ვინც ცხენების მოვლით იყო დაკავებული, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები ამ სფეროში.

ამასთანავე არსებობს პროფესიები, სადაც ხელოვნური ინტელექტი ცოცხალ ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, მაგ. ადვოკატს, რომელიც სასამართლოში სიტყვით გამოდის ან ფარმაცევტს, რომელმაც ესა თუ ის წამალი უნდა გამოწეროს და გაყიდოს.

საბოლოო ჯამში საუბარია ახალი, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და ადამიანის შრომის გაერთიანება და ამ მხრივ ბალანსის შენარჩუნება.

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმაც კი აღიარა, რომ Tesla-ს ზედმეტი ავტომატიზაცია შეცდომა იყო და „ადამიანი ტექნოლოგიებს უნდა ავსებდეს“. მისივე თქმით, არსებობს პროფესიები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ეფექტი მინიმალური იქნება,

საბოლოო ჯამში ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთ დონეს ვერ მიაღწია, რომ მაღალკვალიფიციური პროფესიები და თანამდებობები ჩაანაცვლოს. რაც შეეხება საშუალო კვალიფიკაციას, იქ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ხელოვნური ინტელექტი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს ისეთ პროფესიებში, სადაც ფიზიკური შრომაა აუცილებელი, მაგ, აგურების და კაფელის დამგები ან ხურო.

ერთ-ერთი კვლევა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ 2020 წელს აშშ-სა და ჩინეთში ჩატარდა. 670 ონლაინ მყიდველს ჰკითხეს ურჩევნიათ თუ არა ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობა თუ ხელოვნურ ინტელექტთან, ნაწილმა ჩათვალა, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფად, სადღეღამისო რეჟიმში და ობიექტურად გასცემს პასუხს მათ შეკითხვებს, მაგრამ მეორე კატეგორია ფიქრობს, რომ ადამიანი მაინც უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

კიდევ ერთი კვლევა ავსტრალიაში ჩატარდა, სადაც სასტუმროების კლიენტებს ჰკითხეს, ურჩევნიათ თუ არა ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან თუ ცოცხალ ადამიანებთან? კლიენტების უმეტესობამ ცოცხალი ადამიანები ამოარჩიეს.

ბედის ირონია ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების წარმატება ან წარუმატებლობა მაინც ისევ ადამიანებზეა დამოკიდებული.