ანალიტიკა

თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე
1657093869
დაკოპირებულია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს უპირველეს ყოვლისა დასავლეთია. 

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში ძაბირაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ომი უკრაინის ომს ვერაფრით წაადგება და დასავლეთს კი დამატებით ტვირთად დააწვება. 

ამასთან ძაბირაძის თქმით, ხელისუფლებისთვის გაცილებით ადვილია ევროპარლამენტარები გააკრიტიკოს, ვიდრე რუსეთზე რამე თქვას, რადგან ხიფათი რუსეთიდან მოდის. 

„ამ ომმა მთლიანად შეცვალა მთელი სამყარო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს რუსეთისთვის იოლი გასეირნება არ იქნებოდა. ვინ ვინ და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინაში გასეირნება ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც  საქართველოში. 

ჯერჯერობით ხელისუფლება იმას ცდილობს, რომ შუაში იყოს. მგონია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გამოიკვეთება, სასწორი ვის მხარეს იხრება. ხელისუფლებისთვის გაცილებით ადვილია, ევროპარლამენტარები გააკრიტიკოს, ვიდრე რუსეთზე რამე თქვას. ხიფათი რუსეთიდან მოდის. პირდაპირი საფრთხე რუსეთიდან მოდის, ვსაუბრობ ხელისუფლებაზე და პირველ პირებზე. 

ამიტომაც, ძალიან რთულ დღეში არიან. თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს და ჩემი ღრმა რწმენით ეს ასე იქნება, ბრიუსელში ხელისუფლებას ვერავინ ჩაასწრებს, მაგრამ სანამ ასეთი გაურკვეველი სიტუაციაა, მანამდე იმ პოზიციას შეინარჩუნებს, რა პოზიციაც ახლა აქვს. რუსეთმა ბრწყინვალედ იცის საქართველოში რა ხდება, იციან როგორია საზოგადოების განწყობა. მინიმუმ 80%0-ს ევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა საჭიროა მმართველი გუნდისთვის „დასავლეთი ომში მითრევს“ ამ რიტორიკის წამოწევა, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ყოველ წუთს და ყოველ წამს რაღაც უნდა დაუმტკიცო რუსეთს“. 

„როგორც ჩანს, სხვა გამართლება ამას არ აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ვისაც ლოგიკა გააჩნია და ზერელედ იცნობს პოლიტიკას, ბრწყინვალედ უნდა ხვდებოდეს იმას, რომ თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს უპირველეს ყოვლისა დასავლეთია. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, უკრაინას ეხმარება და რამდენი თვე დასჭირდა, რომ დახმარების რაღაც რაოდენობაზე გასულიყო. საქართველოში ომი უკრაინის ომს ვერაფრით წაადგება და დასავლეთს კი დამატებით ტვირთად დააწვება“, -  დასძინა ვახტანგ ძაბირაძემ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴  „ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან“ - ბადრი ჯაფარიძე

🔴  ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ჩვენ წარვადგინეთ გეგმა, რომლის კორექტირების არავითარი საფუძველი არ არსებობს

🔴 თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი