მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი არ გადახრილა რუსეთის მხარეს, ის უკრაინისთვის იარაღის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელია - ზურაბ ბატიაშვილი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი

„უკრაინა ყველანაირად უპირატეს როლში გადადის, ინიციატივებს იღებს ხელში და ფაქტობრივად კონტრშეტევისთვის ემზადება“, -  ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, თურქეთი იყო პირველი, რომელიც უკრაინას ომის დროს გვერდში დაუდგა და დაეხმარა. 

„თურქეთი არ გადახრილა რუსეთის მხარეს და დღეს თურქეთის პრეზიდენტის ჩასვლა უკრაინაში ამას აჩვენებს. თურქეთს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ უკრაინასთან და დიდი ალბათობით უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებასაც გააკეთებს.

ომის დაწყებიდან თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს არის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელი იარაღის. უკრაინის ომში დიდი როლი შეასრულა ბაირახტარებმა. რუსეთ-უკრაინის ომი ძალზე უარყოფითად აისახება თურქეთის ეკონომიკაზე, რომელსაც პრობლემები აქვს. თურქეთის ინტერესშია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონფლიქტი“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი. 

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის განცხადებით, უკრაინა სერიოზული კონტრშეტევისთვის ემზადება.

ამასთან, ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ ომის შეჩერება რუსეთს აწყობს, უკრაინას კი არა. 

„დღეს რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც სურს ტაიმაუტის აღება, ამოსუნთქვა, რომ რაღაც პერიოდში მან შეძლოს დააგროვოს ხელახლა ის ძალა, რომელიც საშუალებას მისცემს შემდეგი შეტევისთვის. ვხედავთ, რომ რუსები წინ ვერ მიდიან. უკრაინა ყველანაირად უპირატეს როლში გადადის, ინიციატივებს იღებს ხელში და ფაქტობრივად კონტრშეტევისთვის ემზადება.

ომის შეჩერება აწყობს, რუსეთს, უკრაინას არ აწყობს, რადგან ოკუპირებულია მთელი შავი ზღვის სანაპირო. უკრაინის პოზიცია არის, რუსულმა ჯარებმა დაიხიონ 24 თებერვლის მდგომარეობამდე, მაგრამ ამას რუსეთი არ დათანხმდება, რადგან ეს აღქმული იქნება, როგორც დამარცხება და რუსეთში, როგორ წესი, ცუდად ასრულებენ ის მმართველები, რომლებიც ომს აგებენ. 

რუსეთს იმედი ჰქონდა უკრაინის კაპიტულაციის, მაგრამ უკრაინა, რა თქმა უნდა, არ აპირებს კაპიტულაციას. რუსეთის პირობებით არ შედგება შეთანხმება და არც უკრაინის პირობებზე არის რუსეთი თანახმა“, - აცხადებს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ერდოღანმა ლვოვში გამართულ შეხვედრაზე შესაძლოა, ზელენსკის პუტინთან შეხვედრა შესთავაზოს - მედია

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი