მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე

„გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ცვლილებების სურვილი არ იგრძნობა.

მისი თქმით, მმართველი პარტია დიდ ქალაქებში გამარჯვებას არ დათმობდა.

როგორც ცინცაძე აღნიშნავს, 30 ოქტომბრის არჩევნებში „ობივატელის“ {ადამიანი, რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას, ცხოვრობს წვრილმანი, პირადი ინტერესებით} ფსიქიკამ იმარჯვა.

„დიდ ქალაქებს, მით უმეტეს, დედაქალაქს არცერთი მმართველი პატრია არ თმობს. მაინც მგონია, რომ მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი არის ჩვენი ელექტორატი. არ იგრძნობა სურვილი ცვლილებების. ჩვენი ელექტორატი ცუდი გაგებით კონსერვატიზმს ავლენს, მოქმედებს პრინციპით: „შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ჭირს“. ამ არჩევნებში „ობივატელის“ ფსიქიკამ იმარჯვა.

შეიძლება იყო სხვადასხვა დარღვევები და ამას არ გამოვრიცხავ. ჩვენი ელექტორატი არ აღმოჩნდა მზად ცვლილებებისთვის. არსებობს ასეთი ანდაზა, „ღმერთმა არ გაცხოვროს ცვლილების ერაშიაო“ - ცვლილებები შეიძლება კარგიც იყოს, შეიძლება უარესიც იყოს. ცვლილებებს არც კოალიციურმა კაბინეტმა უშველა. დასაშვებად მიმაჩნდა, რომ შეიძლება კოალიციების ფაქტორს სიახლისადმი და ცვლილებებისადმი სწრაფვა მოეხდინა, მაგრამ ეს არ მოხდა და ჩატარდა ისე, როგორც უკვე ტარდება ჩვენთან 30 წელი ყველა არჩევნები ორი სამის გამოკლებით“, - განაცხადა სოსოს ცინცაძემ.

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძემ ყურადღება, ასევე, ოპოზიციაზეც გაამახვილა.

რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეკრებას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ რევოლუცია არავის სურს და ხალხი მიტინგებით დაიღალა.

„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა. ოპოზიციამ პატარა ტაიმაუტი უნდა აიღოს, დამშვიდდეს, ცივი გონებით შეიმუშაოს ახალი სტრატეგია, კრეატიული, აბსოლუტურად განსხვავებული, თუ სურთ მომავალ არჩევნებში გამარჯვება. ფონი ისეთია, რომ რეალობით უკმაყოფილო მოსახლეობა ორჯერ, სამჯერ მეტია კმაყოფილ მოსახლეობაზე.

ერთი შეხედვით ყველას უნდა უნდოდეს ცვლილებები, იმიტომ, რომ უკმაყოფილოა, თუმცა, ცვლილებების წინააღმდეგ აძლევს ხმას. ეს არის ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური კოდი, „ქართული ობივატელი“. ოპოზიცია არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ ერთსა და იმავე ფოცხზე აბიჯებს ფეხს, ჯიუტად, თითქოს ვიღაცას ეჯიბრება. არავითარი სიახლე, ერთი ეს იყო ჩრდილოვანი კაბინეტი, თუმცა, ესეც დაგვიანებული იყო. კოალიციების იდეა ოპოზიციას რომ წამოეყენებინა არა 2-3 დღით ადრე არჩევნებამდე, არამედ რამდენიმე თვით ადრე და მერე ამის პროპაგანდა გაეწია, მაშინ შედეგი სხვა იქნებოდა“, - დასძენს სოსო ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ქუთაისში მერის არჩევნები იოსებ ხახალეიშვილმა მოიგო

👉 ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა

👉 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი

👉 თბილისის მერი კახა კალაძე გახდა

👉 20-დან 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა