მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 130  მილიონი ლარის ოდენობის, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი, 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც 100 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა.

დარჩენილ თანხას კი, წლის განმავლობაში, კომპანიის ლიკვიდობის საჭიროების შესაბამისად განათავსებს. აღნიშნული განთავსება კომპანიისთვის ბაზარზე პირველადი ემისიაა.

გამოშვებული ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი TIBR + 2.0%-ით განისაზღვრა, რაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია.

კომპანიის საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ის მიერ, B+ დონით და სტაბილური პერსპექტივით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.

„რიკო ექსპრესის“ მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 100 მილიონი ლარი, სრულად კომპანიის არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.

განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

ისტორიულად, თიბისი კაპიტალს ჯამში 60-ზე მეტი ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა.

2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე თიბისი კაპიტალი ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.