მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი აცრებისაკენ ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია“ - თენგიზ ცერცვაძე

„ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული“
1634922426
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია და საჭიროა საზოგადოების გააქტიურება.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები.

„ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 4-5 000, რაც არის კატასტროფა. აქედანაც მეორადი აცრებია ძირითადად. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას, თავის სიცოცხლის რისკებს ზრდის და საბოლოო ჯამში, ქვეყანას.

თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. მეორე, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, განიხილება, რომ სახელმწიფომ გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო გახადოს ვაქცინაცია, მაგრამ ამ ეტაპზე უარყოფილია ეს საკითხი.

„ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.

საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურრეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5 309-მა ადამიანმა გაიკეთა.

22 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 1 938 274 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 917 638 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საქართველო წყნარად და აუღელვებლად უყურებს, არც კი რეაგირებს კოვიდის მზარდ შემთხვევებზე “ - ზაზა წერეთელი

✅არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ მეტია - როშელ ვალენსკი

✅„როდის იქნება ახალი ტალღის პიკი?“ - მაია ბუწაშვილი

✅ზაზა წერეთელი ჯანმოს ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის წევრი გახდა