მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? - DW-ს კვლევა

ასუსტებს თუ არა ვაქცინა იმუნიტეტს
1630936058
COVID-19

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ფაიზერით ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა სუსტდება, ტელეკომპანია DMAX და Hamburg 1-მა გაავრცელეს. ისინი ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევებს ეყრდნობოდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კვლევები ნიდერლანდების ნაიმეგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი ვაქცინის ადამიანის იმუნურ სისტემაზე ზეგავლენას სწავლობდნენ. შესაბამისი ინფორმაცია კი medRxiv-ის პლატფორმაზე გავრცელდა. ამ კვლევის მიხედვით, არსებობს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ფაიზერის ვაქცინის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია. DW კი შეეცადა გაერკვია, რამდენად საფუძვლიანია ეს კვლევები.

დაადგინეს თუ არა ნიდერლანდებში, რომ კორონავირუსის ვაქცინა ბუნებრივ იმუნიტეტს აქვეითებს?

არა. საქმე ისაა, რომ კვლევები SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობის დასადგენად ტარდებოდა. შედეგად პრეპარატის ეფექტიანობა დადასტურდა. რაც შეეხება იმუნიტეტის დაქვეითებას, ამის შესახებ კვლევების ერთ-ერთი ავტორი მიხაი ნეტეა ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი დასკვნა, რომ ფაიზერის აცრა ბუნებრივ იმუნიტეტს აქვეითებს.

კვლევების ავტორებმა 16 მოხალისის იმუნური სისტემის რეაქცია შეისწავლეს სხვადასხვა სხვადასხვა სტიმულატორებზე, შედეგად დადგინდა, რომ ფაიზერის აცრა როგორც შეძენილ, ასევე, ბუნებრივ იმუნიტეტზე მოქმედებს.

არის თუ არა ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების საფრთხე ჩვეულზე დიდი?

არა, ასე არ არის. ადამიანის იმუნური სისტემა იმდენად უნივერსალურია, რომ მას რამდენიმე ვირუსთან ბრძოლა ერთდროულად შეუძლია.

„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ორგანიზმში T და B უჯრედების მთელი არმია არსებობს. მათ შორის მხოლოდ 10 ებრძვის ვირუსს, ხოლო დანარჩენები მზადყოფნაში არიან. ასე რომ არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ ვაქცინაციის შემდეგ იმუნური სისტემა უფრო დაუცველი რჩება“, - აცხადებს პროფესორი კრისტიენ ფალკი.

შეიცავს თუ არა საფრთხეს ცვლილებები, რასაც იმუნურ სისტემაში რნმ ვაქცინები იწვევს?

ფორმულირებამ „თანდაყოლილი იმუნიტეტის თავიდან პროგრამირება“ განსაკუთრებით შეაშინა სოციალური ქსელების მომხმარებლები. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საუბარია შეუქცევად ცვლილებებზე, რაც ადამიანის იმუნურ სისტემაზე მანიპულაციებმა გამოიწვია. სინამდვილეში კი ეს „გაწვრთნილ იმუნიტეტს“ და „თანდაყოლილ იმუნოლოგიურ რეზისტენტულობას“ ნიშნავს.

კრისტიენ ფალკის განცხადებით, თანდაყოლილ იმუნიტეტზე გავლენას ნებისმიერი ვაქცინა ახდენს.

„თანდაყოლილი იმუნიტეტის თავიდან პროგრამირება იმუნური სისტემის შესუსტებას არ ნიშნავს“, - აცხადებს მიხეილ ნეტეა.

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გაძლიერება და ვირუსების წინააღმდეგ შესუსტება

სოციალურ ქსელებში გავრცელდა მიკრობიოლოგიის პროფესორის ალექსანდრე კეკულეს დასკვნა, თითქოს ფაიზერით ვაქცინაციის შემდეგ სხვა ვირუსების მიმართ იმუნიტეტი სუსტდება. ასეა თუ არა სინამდვილეში?

კეკულემ მართლაც გამოაქვეყნა ნიდერლანდელი მეცნიერების დასკვნა რნმ ვაქცინების ზემოქმედების თაობაზე ადამიანის იმუნიტეტზე.

ამასთანავე, მეცნიერი წერს, რომ აცრის შემდეგ კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის გადართვა ხდება. რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, მათ წინააღმდეგ იმუნიტეტი ძლიერდება. სხვა ინფექციების წინააღმდეგ კი სუსტდება, მაგრამ ეს მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში გრძელდება.

ამ ვადის გასვლის შემდეგ იმუნური სისტემა ისევ მუშაობის ძველ რეჟიმს უბრუნდება და ამასთანავე, მას ანტისხეულების საკმარისი მარაგი გააჩნია.

იმუნოლოგი კრისტიენ ფალკი ამბობს, რომ ვაქცინაზე უფრო დიდ საფრთხეს იწვევს იმუნური სისტემის ცვლილება, რაც თავად დაავადების გადატანის შემდეგ ფიქსირდება. მისი ინფორმაციით, 100 პაციენტზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ სისხლში გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნური უჯრედების გადაადგილება აღენიშნებოდათ. ვირუსის მარტივი ფორმის შემთხვევაშიც კი იმუნური სისტემა მას სრული სიმძლავრით ებრძვის. ამის შედეგად იმუნურ სისტემაში ცვლილებები მომდევნო თვეების განმავლობაში აღინიშნება, რაც მეცნიერების დიდ შეშფოთებას იწვევს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“- ენტონი ფაუჩი

🔅 აშშ-ში დაბალი ვაქცინაციის მქონე შტატებში მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ხდება

🔅 „მიმდინარეობს მსჯელობა როგორც ვაქცინაციის სავალდებულოობაზე, ისე ასაკობრივ ჯგუფებზე“ - ჯანდაცვის მინისტრი