COVID-19

„ბავშვებში ასეთი მძიმე მიმდინარეობა აქამდე არ ყოფილა“ - ივანე ჩხაიძე დელტა შტამზე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1625746775
დაკოპირებულია

იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ე.წ. ინდური დელტა შტამი განსაკუთრებით აგრესიულად ბავშვებში მიმდინარეობს.

ექიმის თქმით, დელტა შტამით საქართველოში ორ თვემდე ასაკის სამი ბავშვია ინფიცირებული. მისივე თქმით, სამივე ბავშვი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს.

ამასთან, ივანე ჩხაიძის განმარტებით, დელტა შტამის უკან დგას ის ფაქტი, რომ ვირუსოლოგიური ვითარება შეიცვალა და ე.წ. ბრიტანული შტამი დელტა შტამმა ჩაანაცვლა.

„ციციშვილის კლინიკა გახლავთ ძირითადი ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს. შესაბამისად, ამ კლინიკაშია ყველაზე მეტი ბავშვი ჰოსპიტალიზებული. ასე რომ ის მონაცემი, რომელიც დღეს გვაქვს, ეს არის საქართველოსთვის დღევანდელ დღეს ალბათ საბოლოო მონაცემი.

2 თვემდე ასაკის 3 ბავშვი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე და ეს არის პირველი შემთხვევა. მეორე ტალღის დროს, ასეთი მძიმე მიმდინარეობა არ დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ, პირველად დაგვიფიქსირდა საქართველოში სამი ბავშვის ასეთი მძიმე შემთხვევა. ამის უკან დგას მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში შეცვლილი ვირუსოლოგიური პეიზაჟი, რაც მოხდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, როდესაც დელტა ვარიანტმა ჩაანაცვლა მთლიანად ბრიტანული ე.წ. ალფა ვარიანტი.

ეს ვარიანტი გაცილებით მეტად ფიქსირდება ბავშვებში და მეტად აგრესიულად მიმდინარეობს. ეს არის პასუხი იმაზე რაც გვაქვს მსოფლიოში, ერთი მუტაცია, რომელმაც ჩაანაცვლა მეორე მუტაცია. ინდური გაცილებით მეტად აგრესიულია და უფრო მეტად სჭირდებათ ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მათში მდგომარეობის სიმძიმე განაპირობებს ორჯერ უფრო მეტად რისკს მოხვდნენ ეს ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 841 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 373 728 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ამავე თემაზე:

✔️ „ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“ - თენგიზ ცერცვაძე

✔️ „ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია“ - ივანე ჩხაიძე

✔️ „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“ - მარინა ენდელაძე

✔️ „კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ“ - გებრეისუსი