მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაიცავით თქვენი პატარები, მხოლოდ მათი სადღეგრძელოების დალევა არ გიშველით“ - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1626439566
COVID-19

„იყო პერიოდი, როდესაც ბავშვებს მოჰქონდათ ვირუსი, ახლა შეტრიალდა სიტუაცია და ჩვენ მიგვაქვს ბავშვთან ვირუსი“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ კორონავირუსის დელტა შტამზე საუბრისას განაცხადა.

დევი ტაბიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგრძნობლად არის მომართვიანობა გაზრდილი.

მისივე თქმით, ინდური შტამის კლინიკური ფორმა მარტივი გრიპის სახით იწყება და არც მეტი, არც ნაკლები, დაგვიანებული ფორმით ხვდება კლინიკაში.

„ჩვენთანაც რაოდენობა მზარდია, მომართვიანობა გაიზარდა. სამწუხაროდ, უფრო რთული და უფრო მძიმე ფორმები წამოვიდა. ძალიან სწრაფად მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება და ამან თავისი უარყოფითი გავლენაც იქონია ამ ყველაფერზე. დღეს უკვე დიაგნოსტირებაც ძალიან რთულია, დაახლოებით, 20-30%-მდე არის ინდური შტამი. დაგვიანებული ფორმებიც კი შემოდის.

ინდური შტამის კლინიკური ფორმა მარტივი გრიპის სახით იწყება და არც მეტი არც ნაკლები დაგვიანებული ფორმის სახით მოდის. თითოეული დღე ამ ვერაგ ინფექციასთან მიმართებით არის ძალიან მძიმე. დელტა შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება ბავშვებში, ძალიან სწრაფად გადადის ორსულებიდან ბავშვებზე“, - აცხადებს ტაბიძე.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, დევი ტაბიძის თქმით, ერთი დოზით აცრა პრაქტიკულად ნულის ტოლფასია.

„აცრებთან მიმართებით მინდა გითხრათ, რომ პირველი აცრა პრაქტიკულად ნულის ტოლია, არაფერს წარმოადგენს, ის მხოლოდ და მხოლოდ ქმნის იმ ბაზას, რომ ჩვენ მივაწოდოთ მეორე აცრა, აცრიდან სამი კვირის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, ჩამოყალიბდა თუ არა იმუნიტეტი. შემთხვევები ძალიან ბევრია, როდესაც ორჯერადად აცრილია და ინფიცირება მაინც მოხდა. ეს არის მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, რომელსაც დიდ სირთულეებსა და სიღრმეებში შევყავართ. ძლივს „გამოვედით“ იმ მდგომარეობიდან რაშიც ვიყავით და ისევ უკან მივექანებით.

ეს დატვირთვა თუ გაძლიერდა, ჯანდაცვის სექტორს ძალიან გაუჭირდება. ვერ გადაიტანს მეთქი ვერ ვიტყვი, მობილიზება მოხდება და იპოვის გამოსავალს, მაგრამ ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ადამიანების სიცოცხლის ხელყოფასთან გვექნება საქმე და მეორე საკითხია ფინანსური ნაწილი. ამიტომ ერთადერთი ხსნა არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი.

მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, დაიცავით თქვენი შვილები და შვილიშვილები, უკაცრავად მარტო ბელეტრისტიკა არ არის და მათი სადღეგრძელოების დალევა არ გიშველით. იყო პერიოდი, როდესაც ბავშვებს მოჰქონდათ ვირუსი, ახლა შეტრიალდა სიტუაცია და ჩვენ მიგვაქვს ბავშვთან ვირუსი“, - აღნიშნა ტაბიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ამავე თემაზე:

🔴 ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

🔴 „ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, 2 ჩვილის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა“ - დავით რეხვიაშვილი

🔴 „რეგულაციების შემსუბუქება ვიჩქარეთ“ - გამყრელიძე