COVID-19

ეგვიპტეში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ეგვიპტის კლინიკა, კორონავირუსი
1583694203
დაკოპირებულია

Covid-19-ის დაავადებას გერმანიის 60 წლის მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Welt.de ავრცელებს. 

როგორც ეგვიპტის ჯანდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, გერმანელ მამაკაცს კორონავირუსის სიმპტომები ეგვიპტეში ჩასვლის შემდეგ გამოუვლინდა. მან საავადმყოფოს 6 მარტს მიმართა, სადაც მას ყველა აუცილებელი ანალიზი ჩაუტარდა. მომდევნო დღეს დადგინდა, რომ აღნიშნული პაციენტის ტესტი კორონავირუსზე დადებითი იყო. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა, 8 მარტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის გარდაიცვალა.

როგორც გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კორონავირუსით დაავადებული გერმანიის მოქალაქე ეგვიპტეში 7 დღე იმყოფებოდა. ის ტურისტი იყო და კონკრეტულად სად მოხდა მისი დაინფიცირება, უცნობია.

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრმა ჰალა ზაიდმა 7 მარტს განაცხადა, რომ კორონავირუსის დიაგნოზი ეგვიპტეში 45 ადამიანს დაუდგინდა. დაავადებულებიდან 19 ტურისტია. მოგვიანებით მინისტრმა დააზუსტა, რომ განმეორებითი შემოწმებისას 45 ინფიცირებულიდან 11-ის პასუხი ტესტზე უარყოფითი აღმოჩნდა.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთთან მჭიდრო კავშირის გამო აფრიკაში კორონავირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია.