მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპა მეორე კოვიდზამთრისთვის ემზადება

კორონავირუსი ევროპაში
1635165180
COVID-19

კორონავირუსის ინფექციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ამჟამად ძალიან განსხვავდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. როგორია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დაწესებული შეზღუდვები? და რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ამ ზამთარში სხვადასხვა ქვეყანაში? ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

COVID 19-ის შემთხვევების მატება ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მკაცრი ზამთარი შეიძლება მოვიდეს.

იტალია

15 ოქტომბერს იტალიამ დააწესა პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე მკაცრი მოთხოვნები. იტალიაში ყველა დასაქმებულმა პირმა სამსახურში უნდა წარადგინოს „მწვანე საშვი“, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი აცრილი არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდნენ ინფექციისგან ან უნდა წარადგინონ ვირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი. ყველას, ვისაც სურს საკვებ ობიექტებში გავლა, ან დროის გატარება საჯარო სივრცეში, უნდა წარადგინოს თავისი საშვი. იტალიაში დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეების ტარება ჯერ კიდევ სავალდებულოა.

როგორც ჩანს, ეს პოლიტიკა მუშაობს, რადგან იტალიას 1-კვირიანი სიხშირით კოვიდის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო, ხმელთაშუა ზღვის ეს ქვეყანა იყო ევროპაში COVID 19-ის ეპიცენტრი.

პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მიმართა მკაცრ წესებს იმ იმედით, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება. იტალიელთა უმრავლესობამ მოიწონა კოვიდ პასპორტის იდეა. ამ ქვეყანაში მოზრდილთა 80% უკვე აცრილია. დრაგის მკაცრმა ზომებმა, ასევე, გაზარდა იტალიის ვაქცინაციის კამპანია.

გაერთიანებული სამეფო

როგორც ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სრულმასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყო - დიდი ბრიტანეთი 2021 წლის დასაწყისში ბევრად წინ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მისი საწყისი უპირატესობა დაიკარგა: აცრებმა იკლო და ზოგიერთი ვირუსოლოგი მიიჩნევს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გაქრეს. მოზრდილებს შორის, 79% სრულად აცრილია. 50 წელზე უფროსი ასაკის, ან ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე ადამიანებს ახლა იმუნიტეტის ასამაღლებლად ვაქცინის მესამე დოზას სთავაზობენ.

1-კვირიანი ინციდენტობით, დიდ ბრიტანეთში ინფექციების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. შესაბამისად, მაღალია სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია. ინგლისმა 19 ივლისს პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა გააუქმა, რომელსაც ეწოდა „თავისუფლების დღე“.

სამსახურებში დასაქმებულებს ახლა განუცხადეს, რომ უნდა შეწყვიტონ სახლიდან მუშაობა და დაბრუნდნენ თავიანთ ოფისებში. სამგზავრო მიმოსვლა თითქმის დაუბრუნდა პანდემიის წინ არსებულ დონეს.

ექსპერტებმა ზაფხულში გააფრთხილეს, რომ შეზღუდვების მოხსნა ჯერ ძალიან ადრე იყო. ახლა, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) წარმომადგენლები ითხოვენ დამცავი ზომების ხელახლა შემოღებას, როგორიცაა პირბადეების ტარებას საზოგადოებრივ ადგილებში და აფრთხილებენ ხალხს, რომ მოსალოდნელია „ზამთრის კრიზისი,“ თუმცა, მთავრობა კვლავ უარს ამბობს ახალი შეზღუდვების დაწესებაზე.

ლატვია

შვიდდღიანი სიხშირით 800-ზე მეტი ახალი ინფექციით 100,000 ადამიანზე, ლატვიამ ახლახან დააწესა „ლოკდაუნი“, რომელიც გაგრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებამდე. ასევე, მკვეთრად იზრდება სიკვდილიანობა და სიმპტომური ავადმყოფობის შემთხვევები. ლატვიაში მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე მეტია აცრილი. ეს ასახავს ტენდენციას რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის სკეპტიციზმი მაღალია და ხელისუფლებისადმი ნდობა ზოგადად დაბალი.

„ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც უკვე აცრილი იყო, მაგრამ შეზღუდვები გავრცელდება ყველაზე“, - განაცხადა ორშაბათს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა. ყველა რესტორანი, კინოთეატრი და სხვა საზოგადოებრივი ადგილი კვლავ დაიკეტება, ხოლო კომენდანტის საათი საღამოს 8-დან დილის 5 საათამდე იმოქმედებს. ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები. ლატვიელებს მოუწოდებენ, სამსახურები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

საავადმყოფოები გადატვირთულია და ყველა ისეთი ოპერაცია, რომლის გადადებაც შეიძლებოდა, გადავადდეს, რათა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებმა ყურადღება გაამახვილონ COVID 19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე.

პორტუგალია

პორტუგალიის მთავრობამ ადრევე დააწესა მკაცრი შეზღუდვები. ქვეყანაში 1-კვირიანი სიხშირით 46 100,000 მოსახლეზე ამჟამად ფიქსირდება ინფექციის დაბალი მაჩვენებელი, მათ შორის შედარებით მცირე ლეტალური შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის ფაქტები. ეს არის სამაგალითო ვაქცინაციის კამპანიის შედეგი. პორტუგალიაში ადამიანთა 85% სრულად არის აცრილი, რაც ქვეყანას ევროპაში ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზე აყენებს.

აცრის კამპანიის წარმატება პორტუგალიის საზღვაო ფლოტის ადმირალის დაგეგმვას შეიძლება მივაწეროთ. მან თებერვალში სპორტულ ობიექტები ვაქცინაციის ცენტრებად აქცია. მას შემდეგ ოფიცერმა განაცხადა, რომ მისი მისია წარმატებით დასრულდა.

ამაში მას განვლილი ისტორია დაეხმარა. 1970-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი იყო, რაც შემცირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დახმარებით ფართოდ გავრცელებული ვაქცინაციით. მას შემდეგ პორტუგალიაში აცრების მხრივ საზოგადოების სრული მზაობაა. პორტუგალიაში თითქმის არ არსებობენ ანტივაქსერები და მოქალაქეების უმეტესობა ენდობა მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს.

პოლონეთი

2020 წელს პოლონეთში დაფიქსირდა COVID 19-ის შედეგად ევროკავშირში ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ოფიციალური პირები ახლა საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ხალხი უნდა მოემზადოს ამ ზამთარს მეტი გარდაცვალების შემთხვევებისთვის, რადგან პოლონეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის „აფეთქება“ დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, გადაიდგმება „მკვეთრი ნაბიჯები“. თუმცა, ის მაინც გამორიცხავს ახალი „ლოკდაუნის“ დაწესებას.

ქვეყნისათვის შემთხვევების დრამატული ზრდა მოულოდნელი იყო, პოლონეთის მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ პოლონეთში ნაკლები ტესტირება ტარდება.

მთავრობა ახლა საზოგადოებას აფრთხილებს, რომ პოლონეთი მეოთხე ტალღის ზღვარზეა და უახლეს ეპიდვითარებას აღწერს როგორც „წითელ გამაფრთხილებელ შუქს“ არავაქცინირებული ადამიანებისთვის. პოლონეთში ინფიცირებულების და სიკვდილიანობის ახალი შემთხვევები ზაფხულის დასაწყისიდან უმაღლეს დონეზეა. ადამიანების მხოლოდ 52% არის სრულად აცრილი, რაც მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

პოლონეთში ვაქცინაციის კამპანია საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ უკვე თვეებია სტაგნაციას განიცდის. მთავრობის ყველა მცდელობამ, წაახალისოს მოქალაქეები ვაქცინის მისაღებად, როგორიცაა ლატარიის შექმნა, სადაც ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ მონაწილეობას, ვერ იმოქმედა. ჯერჯერობით, მთავრობა თავს არიდებს ისეთი მკვეთრი ზომების, მიღებას, როგორიცაა იტალიაში დაწესებული წესები და რეგულაციები.

გერმანია

კოვიდ პანდემიის ფონზე 2020 წელს გერმანია სამაგალითო ჩანდა, იმ მხრივ, თუ როგორ უმკლავდებოდა ვირუსს. თუმცა, ვაქცინაციის ეროვნული კამპანია ახლა იკლებს. მოსახლეობის მხოლოდ 66% არის სრულად აცრილი. გერმანია ჩამორჩება საფრანგეთს, ესპანეთს და იტალიას. არსებობს ეჭვები, რომ არავაქცინირებულ ადამიანთაგან არც ისე ბევრი იქნება ვაქცინის მიღების სურვილი. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილში.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიამ თავი აარიდა ვაქცინაციის სავალდებულოობას. მედიცინის პერსონალის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აცრისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს აწუხებთ შესაძლო გვერდითი ეფექტები და ბევრს ჯერ კიდევ ურჩევია დაკვირვება და მოცდა ვაქცინის ეფექტურობის დასამტკიცებლად.

მეზობელ საფრანგეთში, ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, როდესაც სამედიცინო პირები, სამართალდამცველები და მეხანძრეები აცრეს, ასევე, მოგზაურობისთვის და კვების ობიექტებში შესასვლელად COVID 19-ის პასპორტის წარდგენა სავალდებულო გახადეს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეშფოთებული არიან ქვეყანაში აცრის დაბალი მაჩვენებლით. გერმანიაში სხვადასხვა სიმკაცრით დამცავი ზომების შემოღება ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, 244 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (244,444,105) ასეთია worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებული.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილ პირთა რიცხვით. 25 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 4,964,101 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 221 მილიონზე მეტია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას ყველა ქვეყანა დაიწყებს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅იტალიაში კოვიდპასპორტის ქონა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა

✅„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი