COVID-19

„გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან“ - მაია ბუწაშვილი

ექიმი ინფექციონისტი
1626775395
დაკოპირებულია

ექიმი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისეთი პაციენტები იკავებენ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთაც არ ესაჭიროებათ სტაციონარებში მოთავსება.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში მედიკამენტი „რემდესევირი“ უსარგებლოა.

„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!

ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის.

მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.

და კიდევ, „რემდესევირი“ რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 11073-მა ადამიანმა გაიკეთა.

20 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა,სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„რაც შეიძლება იზოლირებულად, სახლში და ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული“- კულუმბეგოვი

✅„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე

✅„თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში სიკვდილიანობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება“ - ბიძინა კულუმბეგოვი