მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას რამდენიმე კვირაში მივიღებთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge 2021
1626509276
COVID-19

ამერიკის მთავრობა საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადასცემს და ვაქცინას უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე შემოვიდა ჩინური ვაქცინების, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა.

„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა, ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, „ფაიზერის“ ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ამასთან, „ფაიზერის“ ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინაც.

საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა 14 ივლისს მიიღო. ფაიზერთან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.