COVID-19

იწვევს თუ არა ე.წ. ბრიტანული შტამი COVID 19-ის დაავადების უფრო მძიმე ფორმებს?- თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1623083661
დაკოპირებულია

მართალია, CFR-ის მატება ე.წ. მესამე ტალღის დროს დიდი არ არის, კერძოდ მესამე ტალღის პიკის დროს (ა.წ. მაისში) იყო 1,98%, ხოლო მთელი პანდემიის საშუალო CFR გაიზარდა 1.2%-დან 1.4%-მდე, რაც აშშ-ის და ევროპის 35 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელზე მაინც დაბალია, მაგრამ ამ მატების მიზეზების ანალიზი მაინც საინტერესოა,- ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ფეისბუკპოსტში.

„ჩვენს მიერ ამ მატების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დასახელებულ იყო ვირუსის ახალი შტამების (ჩვენს შემთხვევაში ე.წ. ბრიტანული შტამის) გაჩენა, რომლებიც შესაძლოა იწვევდნენ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ე.წ. ჩინურ (საწყის) შტამთან შედარებით. იმავე სტატიაში ბ-ნი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ე.წ. ბრიტანულ შტამს თვითონ ბრიტანეთში არ გამოუწვევია სიკვდილიანობის ზრდა და ამიტომ „ასე ამოვარდნილი კონტექსტით საქართველოში ვერ გაზრდიდა“.

ბ-ნ ბიძინას ვერ დავეთანხმებით. ბრიტანეთში საქართველოსგან განსხვავებით ე.წ. მესამე ტალღის პიკი ა.წ. თებერვალში იყო და ამ დროს იქ სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, თებერვლის თვეში ბრიტანეთში ე.წ.

CFR საშუალოდ იყო 4.64%, რაც გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში CFR-ის როგორც წინა თვეების (2.78%), ისე მთელი პანდემიის მანძილზე საშუალო მაჩვენებელზე (2,83%), ხოლო ბოლო პერიოდში ბრიტანეთში სიკვდილიანობის შემთხვევების და CFR-ის მკვეთრი კლება დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ქვეყანამ ამ დროისთვის უკვე მოახერხა მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ის ვაქცინაცია.

მესამე ტალღის პიკის თვეებში სიკვდილიანობის და შესაბამისად CFR-ის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აგრეთვე ესპანეთში (ა.წ. მარტი - 3,37%), რუსეთში (ა.წ. აპრილი - 4,33%) და ევროპის რიგ სხვა ქვეყნებში, რაც გარკვეულწილად ამყარებს იმ ვარაუდს, რომ ე.წ. ბრიტანული შტამი დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს.
UpToDate-ის ბოლო ვერსიაშიც მითითებულია, რომ ზოგიერთი (თუმცა არა ყველა) კვლევების მიხედვით ე.წ. ბრიტანული შტამი დაკავშირებულია დაავადების უფრო მეტ სიმძიმესთან და მაღალ სიკვდილიანობასთან. https://www.uptodate.com/.../covid-19-epidemiology...

ისე, ბ-ნ ბიძინას 1 კვირით მაინც რომ ემუშავა რომელიმე COVID კლინიკაში ე.წ. მესამე ტალღამდე (როცა საქართველოში ვირუსის ახალი შტამები არ იყო) და მესამე ტალღის დროს (როცა ე.წ. ბრიტანული შტამი დომინირებს), ვფიქრობ, თავადაც დარწმუნდებოდა, რომ ახლანდელი COVID პაციენტების კონტინგენტი გაცილებით უფრო მძიმეა“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ფეისბუკპოსტში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 COVID 19-ის ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები ?

👉 რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?