
თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
"იტალიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღეს მქონდა კომუნიკაცია ჩემ მეგობრებთან. პაოლო მალდინი, რომელიც ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავია, ამ ვირუსითაა დაავადებული, თავის შვილთან ერთად. დღეს ვესაუბრე მას და თავს უკეთ გრძნობს. ზოგადად, იტალიას რაც შეეხება, საზოგადოება ძალიან შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მისი შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად დაკეტილია. ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობა ზუსტად ამ რეგიონშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან დიდია ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იზრდება ყოველდღიურად. ძალიან რთულ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ. არ მინდა, ვინმე დავაპანიკო, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე და ზომების დაცვაა საჭირო, რომ ის ვითარება, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია, თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა გლობალური მასშტაბით 300 000-ს გადააჭარბა, რაც 15 დღის წინანდელ მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.
მძიმე სიტუაცია ნარჩუნდება იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 6557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 793 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის რიცხვი ამ ქვეყანაში უკვე 4825-ს აღწევს - 48%-ით მეტს ვიდრე ჩინეთში. რეკორდულია სიკვდილიანობის კოეფიციენტიც - 9%. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი, 53 578-ს მიაღწია. ასეთი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, იტალია საკარანტინო მოთხოვნებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს და პოლიციას კანონდამრღვევთა დაკავება ყოველდღიურად უხდება.