COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევიდან ერთი არასრულწლოვანია

ინფექციურის ცენტრი
1584865056
დაკოპირებულია

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 5 ახალი შემთხვევიდან 2 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია, მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. იფიცირებულ ბავშვს კორონავირუსით დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი, მეორე კი, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან არის დაბრუნებული.

"5 ახალი პაციენტიდან 2 არის ჩვენს ცენტრში, ერთი არის ახალი წყაროდან, მეორე შემთხვევა არის ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტი და არის ბავშვი. დანარჩენი სამი სხვა ცენტრებში არიან გადანაწილებულები. მათგან ერთი არის ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 291 პაციენტი. კორონავირუსისგან ჯამში 3 ადამიანი განიკურნა.