COVID-19

ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი მოვლენები - როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?

ასტრაზენეკას კორეული ვაქცინა
1615892639
დაკოპირებულია

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის პროცესი ამ დროისთვის მხოლოდ AstraZeneca-ს სამხრეთ კორეული წარმოების ვაქცინით მიმდინარეობს. 

ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპული წამლის სააგენტოს ავტორიზაცია აქვს, თუმცა, მისი მოქმედების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის მახასიათებლების აღწერიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს.

AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის ზოგადი უსაფრთხოება ეფუძნება გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ კლინიკური კვლევების გაერთიანებული მონაცემების შუალედურ ანალიზს. ანალიზის დროს, შემთხვევითობის პრინციპით იქნა შერჩეული ≥18 წლის ასაკის 23,745 მონაწილე, რომლებმაც მიიღეს AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინა ან კონტროლი.

შერჩეულთაგან, 12 021-მა მონაწილემ მიიღო AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის სულ მცირე 1 დოზა.

👉 ყველაზე ხშირად აღრიცხული გვერდითი რეაქციები იყო:

ინექციის ადგილის მგრძნობელობა (>60%);

ტკივილი ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი, დაღლილობა (>50%);

მიალგია, სისუსტე (>40%); ჰიპერთერმია, შემცივნება (>30%);

ართრალგია, ცხელება (>20%).

„გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ჩვეულებრივ, მათი ალაგება ხდებოდა ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში. პირველ დოზასთან შედარებით, გვერდითი მოვლენები მეორე დოზის მიღების შემდეგ უფრო მსუბუქად გამოვლინდა და ნაკლები სიხშირით ხასიათდებოდა.

გვერდითი მოვლენები, ზოგადად, ნაკლები სიმძიმით და სიხშირით ხასიათდებოდა ასაკოვან პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის). აქცინაციის შემდგომი გვერდითი რეაქციების სიმპტომების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს ტკივილგამაყუჩებელი ან/და სიცხის დამწევი სამკურნალო პრეპარატები (მაგ., პარაცეტამოლის შემცველი საშუალებები)“, - ნათქვამია ვაქცინის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

👉 ორსულობა და ვაქცინა

ორსულ ქალებში AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის გამოყენების შემთხვევების ან ვაქცინის მიღების შემდეგ დაორსულებული ქალების შესახებ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები არსებობს. მონაცემები არასაკმარისია ვაქცინებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ცხოველების რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინით ვაქცინაცია ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის. AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის გამოყენება ორსულ ქალებში უნდა ეფუძნებოდეს შეფასებას, თუ რამდენად შეიძლება გადაწონოს მოსალოდნელი რისკები ვაქცინაციით გამოწვეულმა სარგებელმა.

👉 ძუძუთი კვება

AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის მეძუძური დედების მიერ გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს. დაუშვებელია გამოირიცხოს რისკი ბუნებრივ კვებაზე მყოფი ახალშობილების/ჩვილების მიმართ.

სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, უმჯობესია AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინით ვაქცინაციისგან თავის შეკავება ძუძუთი კვების დროს.

👉 ფერტილურობა

უცნობია, ახდენს თუ არა AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინა გავლენას ფერტილურობაზე. მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

👉 თანმხლები დაავადება

ისევე, როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის გამოყენება უნდა გადაიდოს იმ პაციენტებთან, რომლებსაც ცხელების რთული ფორმა აღენიშნებათ. თუმცა, მსუბუქი ინფექციების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა გაციება ან/და ცხელება იოლი ფორმით, ვაქცინაციის გადადება რეკომენდებული არ არის.

👉 დამცველობის დონე და ხანგრძლივობა

დამცველობის ხანგრძლივობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ისევე, როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, შეიძლება AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინით აცრამ ყველა მიმღები ვერ დაიცვას.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ერთ დღეში სამედიცინო პერსონალის 500 წარმომადგენელი აიცრა.

AstraZeneca-ს ვაქცინა 3 თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილია 5 მლნ, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაციიდან 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება“ - მარინა ენდელაძე

„ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია“ - სერგეენკო

„მინისტრებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, 20-30 დოზა დანაკლისი არ იქნება“ - ბიძინა კულუმბეგოვი