COVID-19

მძღოლების რეაქცია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვაზე

საქალაქტაშორისო ტრანსპორტი აიკრძალა
1584958896
დაკოპირებულია

მძღოლები, რომლებიც რეგიონების მიმართულებებზე იყვნენ დასაქმებულები, შემოსავლის გარეშე რჩებიან. ასეთი მდგომარეობა ამ ბიზნესში დასაქმებულებს მთავრობის მიერ COVID-19–ის გავრცელების პრევენციის მიზნით იძულებითმა გადაწყვეტილებამ განაპირობა – დღეიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება,

PIA.GE  დაუკავშირდა მძღოლებს და გაარკვია, რამდენად დააზარალებს კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული მორიგი აკრძალვა დასაქმებულთა კიდევ ერთ ჯგუფს.

როგორც PIA.GE-სთან  ბათუმი-თბილისის ავტობუსის რეისის მძღოლი მალხაზ მელაძე აცხადებს, ის უკვე წლებია ამ ხაზზე მუშაობს, თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უკვე 1 კვირა, რაც მუშაობა შეწყვიტა.

„ეს გადაწყვეტილება აქამდეც რომ მიეღოთ, ურიგო არ იქნებოდა, ვინაიდან ჩვენ უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხება, ამიტომ ეს ჩემთვისაც მისაღებია. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ეს საქმიანობა გახლავთ, ერთი კვირაა შევწყვიტე მუშაობა, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს PIA.GE -სთან საუბარში მალხაზ მელაძე.

აკრძალვას ეთანხმება, თუმცა შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩა კარლო ცოცხალაშვილიც, რომელიც თბილისი-გორანას რეისის მძღოლია.

„მე შაბათს მქონდა რეისი, რომელიც ვეღარ შევასრულე, რადგან გვითხრეს, რომ დავჯარიმდებოდით. სახლში ვარ და აღარ გავდივარ სამუშაოდ, ისედაც არ გვაქვს საშუალება და გვეშინია, რომ დაგვაჯარიმებენ. შემოსავლის წყაროს გარეშე დავრჩი, თუმცა გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობაა და მთავრობაზე წინ ვერ წავალთ“, -უთხრა PIA.GE-ს კარლო ცოცხალაშვილმა.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის მომხრეა ასევე თბილისი-თიანეთის რეისის მძღოლი ვაჟა მინდიკაურიც.

„რას ვიზამთ, მთავარია საფრთხე ავირიდოთ თავიდან. მე 35 წელია ამ რეისის მძღოლი ვარ, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა, უნდა გავიჭირვოთ. აუცილებელი იყო აკრძალვა და რა თქმა უნდა, ვემორჩილები“, - აღნიშნა ვაჟა მინდიკაურმა.

როგორც გაირკვა, მძღოლები აცნობიერებენ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს თითოეული მოქალაქე და მათ შორის თავად ისინიც, რადგან ყოველდღიურად უამრავ მგზავრთან უწევდათ შეხება. მიუხედავად ფინანსური ზარალისა, ისინი აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით, ეთანხმებიან და ემორჩილებიან.