მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეზვრიშვილი: იმის გამო, რომ ახალგაზრდები, თავს არ ვიკავებთ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, ოჯახებში რისკებს ვქმნით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1600113621
COVID-19

„წლის დასაწყისში შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ მოგვემზადებინა და დღეს ჩვენ უკეთ მომზადებულები ვართ ყველა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების კიდევ ერთ მიზანი ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება იყო.

„მკაცრი შეზღუდვებით, რომლებიც პრაქტიკულად სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, გარკვეული რისკები შეექმნა ეკონომიკას. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ წერტილოვნად, ლოკალურად ვაწესებთ შეზღუდვებს იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება. სტრატეგია განსხვავებულია.

რატომ დავაწესეთ შეზღუდვები სხვადასხვა რიტუალურ ღონისძიებაზე - ქელეხებზე, ქორწილებზე და ა.შ?! ჩვენ შეზღუდვებს ვაწესებთ ისეთ არასაჭირო ღონისძიებებზე, რომლებიც შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის. მაშინ ჩვენ უნდა გავაჩეროთ ყველა სხვა სფერო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა, რითაც კიდევ ერთხელ დიდი ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას, ამას ქვეყანა უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. ამიტომ, ვმოქმედებთ იმის მიხედვით, რისი შესაძლებლობაც არის და რისი რესურსიც ქვეყანას გააჩნია. მარტივ მაგალითს მოვიყვან - ვერ გავაჩერებთ კვების ობიექტს, იმიტომ რომ პირველადი საჭიროების მოთხოვნილებაა, მაგრამ მოდით, თავი შევიკავოთ ქორწილისგან, დიდი ნადიმებისგან,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების მხრიდან გარკვეული თვითშეზღუდვების დაწესების მნიშვნელობაზე.

„გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ქორწილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ უკმაყოფილების პარალელურად, დღეს მაგალითად 5 შემთხვევა, ანუ ერთი კლასტერი ქორწილს უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი ხომ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ეს ყველაფერი რეალურ დაკვირვებას ეფუძნება. მთავარია, დავიჯეროთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა და როცა მთავრობა გვეუბნება, რომ ამ სფეროში პრობლემაა და თავს ცოტა თვითშეზღუდვები დავუწესოთ, ეს თვითშეზღუდვები საკუთარ თავს დავუწესოთ. იმის გამო, რომ ჩვენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავს არ ვიკავებთ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, შემდეგ ვბრუნდებით ოჯახებში და ვქმნით იმის რისკებს, რომ ვირუსი გადავდოთ ხანდაზმულ ადამიანებს “, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, 14 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.