COVID-19

მითები და ფაქტები ვაქცინაციის შესახებ - ექსპერტები ცრუ მოსაზრებებს უარყოფენ

მითები ვაქცინაციის შესახებ
1629378294
დაკოპირებულია

მედიცინის მუშაკები, ექიმები და მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია. medicalnewstoday.com სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებზე წერს.

განსაკუთრებით დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ბავშვებისთვის ვაქცინის გაკეთების ეშინიათ. ვაქცინაციის შესახებ მითები ამ ტენდენციას ხელს უწყობს.

ჯანდაცვის ორგანიზაციები ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვებს ვაქცინაცია ჩაუტარონ, რაც მათ და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას დაიცავს. ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ტარდება, როდესაც არსებობს ალბათობა, რომ ის მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს.

მითები და ფაქტები

დაავადებათა რაოდენობა, რისი პრევენცია ვაქცინების დახმარებით მოხდა, შემცირდა, რადგანაც იმუნიზაცია ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ამასთანავე, ე.წ. შეთქმულების თეორიებმა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ვაქცინა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, შეიძლება ადამიანებს გაუჩინოს ეჭვი ვაქცინაციის უსაფრთხოებაში.

სტატიაში საუბარია 5 ყველაზე გავრცელებულ მითზე ვაქცინაციის წინააღმდეგ და რას ამბობენ მეცნიერები ამ მითების შესახებ.

რატომ ვიყენებთ ვაქცინებს დაავადების დაბალი დონის დროს?

❌ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ ბავშვების ვაქცინაციას აზრი არა აქვს, რადგანაც მათი ინფიცირების რისკი ისედაც ძალზე დაბალია.

☑️ეს ძალზე ცუდი მითია ვაქცინაციის წინააღმდეგ. სინამდვილეში კი დაავადების დონე სწორედ ვაქცინაციის შედეგად შემცირდა, რადგანაც იმუნიზაცია ძალზე ფართო ხასიათს ატარებს.

☑️აუცრელი ბავშვები დაავადების გადაცემის საშუალებაა. ინფიცირების ალბათობის შესამცირებლად ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვების ვაქცინაცია.

ასუსტებს თუ არა ვაქცინა ბავშვის იმუნურ სისტემას?

❌კიდევ ერთი გავრცელებული მითი არის ის, რომ ვაქცინამ შეიძლება ბავშვების იმუნურ სისტემას ზიანი მიაყენოს.

☑️ვაქცინით ბავშვის ორგანიზმში ვირუსის ან ბაქტერიის დეაქტივირებული ვარიანტი შედის და ის მომავალში მას გარკვეული დაავადებებისგან იცავს. ზოგიერთ ადამიანს ეშინია, რომ ეს პროცესი ბავშვის იმუნურ სისტემას შეასუსტებს ან გართულებებს გამოიწვევს.

☑️სინამდვილეში კი პირიქით ხდება. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი სუსტად ინფიცირდება. შედეგად კი ორგანიზმი ანტისხეულებს გამოყოფს, ადამიანი ინფექციასთან ბრძოლას იწყებს და ის იმუნურ სისტემას დაავადებასთან ბრძოლას „ასწავლის“.

☑️მაგალითად, თუ ბავშვმა ჩუტყვავილა გადაიტანა, ის ჩუტყვავილას ახალი ინფექციით ვეღარ დაავადდება, რადგანაც ორგანიზმი მასთან აუცილებელ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ვაქცინაც ზუსტად ასე მოქმედებს, მაგრამ ის დაავადებას არ იწვევს. შესაბამისად, ვაქცინაცია ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

იწვევს თუ არა ვაქცინა აუტიზმს?

❌ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, არის ძალზე სახიფათო მითი ვაქცინაციის წინააღმდეგ.

☑️ეს მითი ერთ-ერთ კვლევას ეფუძნება, რომელიც 1990-იან წლებში ჩატარდა. მაშინ კვლევის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ წითელას, წითურას და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაცია ბავშვებში აუტიზმის საფრთხეს ზრდის.

☑️მოგვიანებით ეს კვლევები მრავალი ეთიკური დარღვევის გამო ეჭვქვეშ დადგა. მაგ. ამ ექსპერიმენტში მხოლოდ 12 ბავშვი მონაწილეობდა.

☑️მეცნიერებმა დაადგინეს, რომ MMR ვაქცინაცია ბავშვს წითელას, წითურას და ყბაყურასგან იცავს. არ არსებობს სხვა, რაიმე მეცნიერულად დადასტურებული კვლევის შედეგი, რომ ის ბავშვებში აუტიზმს იწვევს.


ბუნებრივი იმუნიტეტი უკეთესია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი

❌ ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ სჯობია დაავადებების მიმართ იმუნიტეტის შექმნა ბუნებრივი გზით, ვიდრე ვაქცინის მეშვეობით.

☑️ბუნებრივი იმუნიტეტი იმ დროს იქმნება, როდესაც ადამიანი ინფიცირდება და ორგანიზმი ინფექციასთან ბრძოლას იწყებს. თუ ინფიცირებული გადაიტანს დაავადებას, მაშინ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავდება.

მართალია, რომ ბუნებრივი გზით შეძენილი იმუნიტეტი შეიძლება ვაქცინაციის შედეგად გაჩენილ იმუნიტეტზე ძლიერი იყოს, მაგრამ რისკიც ძალზე მაღალია.

მაგალითად, წითელათი დაავადების შემთხვევაში 5%-ს შეიძლება პნევმონია განუვითარდეს, დაახლოებით 25%-ს კი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. გართულებები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. წითელას ვაქცინაცია კი ლეტალური შედეგის ალბათობას 80%-ით ამცირებს.

შესაბამისად ბავშვების ვაქცინაცია უფრო უსაფრთხო მეთოდია, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი და ის ადამიანს სერიოზული დაავადებისგან იცავს.

შეიცავს თუ არა ვაქცინები სახიფათო ტოქსინებს?

☑️ვაქცინები ტოქსინებს მართლაც შეიცავს, მაგრამ მათი დოზა ისეთი დაბალია, რომ ის ადამიანის ორგანიზმს ზიანს ვერ მიაყენებს. ვაქცინები მართლაც შეიცავს ვერცხლისწყალს, ალუმინს და ფორმალგეჰიდს, მაგრამ მსგავსი ან მეტი შემცველობით ეს ნივთიერებები საკვებ პროდუქტებშიც არსებობს. მაგ. ადამიანები ფორმალგეჰიდს მოიხმარენ, როდესაც მიირთმევენ ხილს, ბოსტნეულს, ხორცს და ზღვის პროდუქტებს.

☑️ალუმინს წყალი, ასევე, ინგრედიენტები და კონსერვანტები შეიცავს. თევზის ზოგიერთი სახეობა კი ვერცხლისწყალს შეიცავს. ვაქცინებში ამ ნივთიერებების შემცველობა ძალზე დაბალია და ის ადამიანს არ ემუქრება.

დასკვნა

☑️ის, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, ამას მეცნიერული კვლევები ადასტურებს. ვაქცინა ადამიანის იმუნიტეტს კი არ ასუსტებს, არამედ პირიქით - ზრდის.

☑️ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადების მიმართ იმუნიტეტის გაჩენის ყველზე უსაფრთხო საშუალებაა. ასე რომ ამ მითებმა ხელი არ უნდა შეუშალონ ადამიანებს, რომ ვაქცინაცია ჩიატარონ, მათ შორის აცრან ბავშვები, რომლებიც ასევე, რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ და ინფექცია სხვასაც გადასდონ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ანტივაქსერები ვაქცინირებული ადამიანებისგან სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებენ - dailymail

⭕ შეიძლება თუ არა აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა? - კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტუალურ კითხვებს პასუხობს