მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა, ისე COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1673457320
COVID-19

„საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია. COVID კვლავ წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ცერცვაძე წერს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  ინფიცირების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. 

„ბოლო ერთი თვის მონაცემებით საქართველოში COVID გარდაცვალება კვლავ შენარჩუნებულია მინიმალურ ნიშნულზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას.

დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია. ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზე ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად (10-ჯერ და მეტად) ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციებიც კარგად იმაართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სიმრავლისა და კლინიკების გადატვირთვის მიუხედავად, ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითისთვის, აშშ-ში CDC-ის ოფიციალური მონაცემებით იგივე პერიოდში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 14000 შემთხვევა.

ამავე დროს ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფიქსირდება COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციები, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გაკეთდეს დეტალური ანალიზი და დროულად იქნეს მიღებული საპასუხო ზომები (ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ამაზე უკვე მუშაობს). ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.

კერძოდ, ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა (500 ათასზე მეტი დღეში), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება (1600 გარდაცვალებაზე მეტი დღეში). 

ა.წ. 6 იანვარს მარტო იაპონიაში დაფიქსირდა COVID-ის 245 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 456 გარდაცვალება, აშშ-ში - 30 ათასი ახალი შემთხვევა და 220 გარდაცვალება, ისრაელში - 1386 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვალება და ა.შ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა ომიკრონის ახალი სუბვარიანტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება.

„საყურადღებოა აგრეთვე, რომ აშშ-ში დომინანტური ხდება ომიკრონის ახალი სუბვარიანტი XBB.1.5, რომელიც ხასიათდება ომიკრონის წინამორბედ სუბვარიანტებზე კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით და გარდა ამისა, შესაძლოა ეს სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არამარტო სტანდარტული ვაქცინის, არამედ ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინის მიმართაც.

ეს იმიტომ, რომ XBB.1.5 არის BA.2-ის სუბვარიანტი მაშინ, როდესაც განახლებული ბუსტერ ვაქცინები ძირითადად გათვლილი იყო ომიკრონის BA.4 და BA.5 სუბვარიანტებზე. XBB სუბვარიანტი დაფიქსირდა ჩინეთშიც, თუმცა მისი გავრცელება არ მომხდარა და ჩინეთში კვლავ დომინირებს BA5.2 და BF.7 სუბვარიანტები. XBB.1.5-ის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა მისი გავრცელება ჯერჯერობით არ მომხდარა.

საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი.

ცალკე თემაა COVID-ის გავრცელება ჩინეთში. ეს ქვეყანა ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით ჩინეთში ყოველდღიურად ფიქსირდება რამდენიმე ათეული მილიონი COVID ახალი შემთხვევა და დაახლოებით 9000 COVID გარდაცვალება! ჯანმომ უკვე მიმართა ჩინეთს თხოვნით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა შესაძლებელი იყოს რისკების შეფასება და მათზე რეაგირება. ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება საქართველომ გააძლიეროს COVID კონტროლი საზღვარზე (COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა და სხვ.) ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე.

რამდენადაც საქართველოში სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სიხშირე მაღალია და მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების მიხედვით (ტესტირების გარეშე) COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კლინიკური გამოვლინებები, პირველივე დღეებში (სასურველია პირველივე დღეს) აუცილებლად  ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე და დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.

ამით ძალიან მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების დამძიმებას, ჰოსპიტალიზაციას და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბოლო თვეების მანძილზე იმ COVID ავადმყოფებში, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტირება და ჩვენების არსებობის შემთხვევაში დროულად დაიწყეს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით - პაქსლოვიდით ან რემდესივირით, COVID გარდაცვალების პრაქტიკულად არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივმართავ ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ COVID-ზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, რესპირაციული ინფექციებით ავადმყოფებში ფართოდ გამოიყენონ გრიპზე ტესტირება და ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენონ სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი - ოსელტამივირი (ტამიფლუ). ეს საშუალებას მოგვცემს მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილოთ პაციენტების დამძიმება, გართულებები და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

შიდსის ცენტრის დირექტორმა, ასევე, „ლელოს“ წევრ ვატო სურგულაძეს მიმართა. ცერცვაძემ მას 2009-2010 წლები შეახსენა, როდესაც სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მარტო გრიპისგან სეზონზე სულ ცოტა 50 გარდაცვალება ფიქსირდებოდა:

„ანგაჟირებული ტელევიზიები და ჩასაფრებული ე.წ. ვაი ექსპერტები, რომელთაც სიკვდილი ურჩევნიათ იმის აღიარებას, რომ დღეს საქართველოში და კონკრეტულად ჯანდაცვაში რაიმე კარგად კეთდება. პერიოდულად ისევ ტეხენ ხმაურს იმაზე, რომ საქართველო „წალეკა“ რესპირაციულმა ინფექციებმა, კლინიკები გადატვირთულია, ავადმყოფებს უკან აბრუნებენ (დიდი ტყუილი), ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა ყველაფერ ამას და ა.შ.

ერთ-ერთი ამ „ექსპერტთაგან“ ბ-ნი ვატო სურგულაძე უფრო შორს წავიდა და აცხადებს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ იცის, რას აკეთებს“?! ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს?! უფრო მეტიც - „საქართველოში ჯანდაცვა საერთოდ არ არსებობს“?! აი ასე - არც მეტი, არც ნაკლები.

საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? მინდა მათ შევახსენო, რომ რესპირაციული ინფექციების სიმრავლე ბუნებრივი პროცესია და არაფერი აქვს საერთო ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობასთან. პირიქით - სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციული ინფექციების სეზონურ მატებას, ჩვენთან კლინიკებია გადატვირთული და არა კრემატორიუმები, როგორც ეს ზოგ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ხდება.

იქნებ ვინმემ შეძლოს აგვიხსნას, ამაზე უკეთ როგორ შეიძლებოდა მომზადებულიყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და მსოფლიოს რომელმა განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს დაედოთ საქართველოზე უკეთესი შედეგი ამ მიმართულებით. ხოლო ბ-ნ ვატო სურგულაძეს ცალკე მინდა მივმართო. ბატონო ვატო, თქვენ ხომ მაინც არც ინტელექტი გაკლიათ და არც პროფესიონალიზმი.

რას კადრულობთ? არ გეშინიათ, რომ ამდენი ტყუილებისგან პინოქიოსავით ცხვირი გაგეზარდოთ და თან იმდენად, რომ ვეღარ ზიდოთ? ისე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს, როცა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებოდით, მარტო გრიპისგან სეზონზე სულ ცოტა 50 გარდაცვალება გვქონდა.

C ჰეპატიტისგან ასობით და ათასობით ავადმყოფი იღუპებოდა, ხოლო სამედიცინო სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა შეუდარებლად დაბალი იყო და საერთოდ დღევანდელი და მაშინდელი საქართველოს მედიცინა ცა და დედამიწაა. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რასაც თქვენ ამბობთ, ტყუილიც აღარ არის, უბრალოდ მკრეხელობაა“, - წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

📣 კორონავირუსის ფარული ზამთრის ტალღა - BBC

📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე