
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაავალა, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდასაჭერად, ასევე პროგრამა ეკონომიკის სექტორების სტიმულირებისათვის.
პრემიერის თქმით, Covid 19-ზე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ფოსტას დაევალა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს მექანიზმის შექმნა, რომელიც 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიორენებისთვის სახელმწიფო სერვისების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საბჭოს, ასევე გააცნო სურსათის მარაგების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ სურსათით მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტების მომარაგების საჭიროება არ აქვს. ამასთან, პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების 7 სასურსათო პროდუქტზე.
სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ონლაინსწავლების სისტემის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასა და ამ პროცესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება, აქტიურად აღრიცხავს საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება მოქმედი ავიარეისებით შეუძლიათ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.