
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვის საკითხში ხელისუფლებას გვერდში უდგანან.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველო ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით სამაგალითო იყოს მსოფლიოში.
"ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად უსაფრთხო ტურისტებისთვის - სწორედ ასეა დღეს ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებული და ეს ცნობილი ფაქტია, ასევე უსაფრთხოა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კორონავირუსის წინაშეც. გამომდინარე აქედან, ეს ძალიან დამაიმედებელი მესიჯია," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ქვეყნის ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხებს შეეხებოდა.