მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორსულობის რომელ ტრიმესტრშია საშიში კოვიდით 19-ით ინფიცირება? - ექიმის განმარტება

სუროგაცია, ინვიტრო
1629491340
COVID-19

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ორსულობის მე-3 ტრიმესტრში კოვიდით ინფიცირება ხშირ შემთხვევაში მძიმედ მიმდინარეობს და საყურადღებოა.

ბოჭორიშვილი განმარტავს თუ რატომ არის საშიში ორსულობის მესამე ტრიმესტრში კორონავირუსით ინფიცირება.

„მე-3 ტრიმესტრში ანუ ორსულობის ბოლოს მაინც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. როდესაც ნაყოფი იზრდება აწვება დიაფრაგმას და ორსულს სუნთქვა უჭირს. მთავარი ნიშანი არის ფილტვების დაზიანება ანუ ისედაც უჭირს სუნთქვა, ამას ემატება კოვიდი, ამიტომ ძალიან მკვეთრად ეცემა სატურაცია და როდესაც ჟანგბადის შემცველობა დედის სისხლში ეცემა, შესაბამისად ბავშვის სისხლშიც ეცემა და ეს იწვევს დაზიანებას.

ამიტომ ყველაზე საშიში პერიოდი არის ორსულობის ბოლოს. ორსულობის ბოლოს რომ არ მოხდეს კოვიდის მძიმე ფორმების განვითარება, აცრა უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ადრე. დღეს უკვე კონკრეტულად საუბარია 10 კვირის შემდეგ. რატომ 10 კვირის მერე და არა თავიდანვე ? ვინაიდან 10 კვირამდე ხდება მუცლის მოშლა და იმის თქმა, რომ არ მოხდეს „აცრის გამო მოეშალა მუცელი“, ამიტომ ჯობია 10 კვირას დაველოდოთ. ყველა ვარიანტში 10, მე-15 კვირა არის ყველაზე ოპტიმალური, რომ ბოლოსკენ მეორე დოზა ჰქონდეს გაკეთებული.

უკეთესია სანამ ორსულობას დაგეგმავს ქალი, მანამდე იყოს ვაქცინირებული. ყველა კვლევა ეხება ფაიზერს და მოდერნას, სხვა ვაქცინებზე არ ვიცით. ასტრაზენეკას კვლევა მიმდინარეობს, ჩინურ ვაქცინებზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან არაფერი არ არის გამოქვეყნებული. ამიტომ ორსულებმა უნდა აიცრან ფაიზერით ან მოდერნათი“, - აღნიშნა პროფესორმა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ექიმი კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მშვიდად იყვნენ, დაიცვან ჰიგიენის წესები და სუფთა ჰაერზე იყვნენ.

„ყველა კოვიდინფიცირებულ ორსულა ვეუბნები, რომ მშვიდად იყვნენ. თუ არ არის სიმპტომი ძალზე გამოხატული, ისევე მიმდინარეობს როგორც სხვებში, იგივე წესებია. მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები, მაქსიმალურად იყვნენ სუფთა ჰაერზე, სვან სითხეები, გაიზომონ სატურაცია, მუცელზე დაწვნენ და ისუნთქონ, დიახ შეუძლიათ მუცელზე დაწვნენ. ყველას უკეთებენ ფილტვის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რაც ძალიან მიკვირს, მით უმეტეს არ შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება ორსულისთვის. ეს არც არის საჭირო“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ კოვიდინფიცირებულ ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა ჩვეულებრივად შეუძლია.

ამასთან, რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ვაქცინები ექსპერიმენტულია, არასწორია.

ექიმი ამბობს, რომ ამ ვაქცინებმა ყველა ეტაპი გაიარა. საუბარია ფაიზერის და მოდერნას ვაქცინაზე.

„ორსულები არ შეჰყავთ საკვლევ ჯგუფებში. როდესაც დაიწყეს ფაიზერის და მოდერნას გამოცდა, არ შეუყვანიათ ორსულები. ძალიან საინტერესო რამ მოხდა, წესით ორსული არ უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ორსული იყო. ასეთი 23 დაგროვდა, ლაპარაკია 10 ათასობით ადამიანზე, რომელიც ფაიზერის ვაქცინის მეორე ფაზის კვლევას გადიოდა და ასე შემთხვევით დაგროვდა მონაცემები იმის შესახებ, რომ აცრა უსაფრთხოა, ქალებმაც უკვე გააჩინეს ბავშვები და ბავშვებს არაფერი დაემართათ.

საუბარი იმაზე, რომ ეს ექსპერიმენტული ვაქცინაა და ასე შემდეგ ... ამ ვაქცინებმა ყველა ეტაპი გაიარა. უბრალოდ გაიარა სწრაფად განსაკუთრებული სიტუაციის გამო და ყველაფერი შესწავლილი იყო. მათ შორის ეს არის სავალდებულო, ნებისმიერი პრეპარატის შესწავლის დროს ე.წ. ტერატოგენური ეფექტი ანუ ხომ არ იწვევს სიმახინჯეებს. ეს ცხოველებზე იყო შესწავლილი. სანამ ადამიანებზე დაიწყებდნენ კვლევას. არანაირი სიმახინჯე დადგენილი არ იქნა“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რატომ დაგვიანდა ორსულთა აცრა - ამირან გამყრელიძის განმარტება

✔️ „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“ - გაბუნია ეპიდსიტუაციაზე