COVID-19

პაატა იმნაძე: შესაძლოა ბაზარზე კორონავირუსის ე.წ. ფეიქ ტესტები გაჩნდეს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1584697419
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბაზარზე შესაძლოა გაჩნდეს კორონავირუსის ე.წ. ფეიქ სწრაფი ტესტები.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში ვალიდური სწრაფი ტესტები შემოვიდეს, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს.

"15 სხვადასხვა მწარმოებლის ტესტებს გავეცანი, მათი უმრავლესობა ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანაზე მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე. როდესაც ქვეყანა შენ ტესტს გაძლევს, მას სხვა გარანტია აქვს. როდესაც ბაზარზე მოიპოვებ, მას სულ სხვა.

ტესტებს ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. მსოფლიოში ფეიქ ტესტების გამოცდილება უკვე არის. ამით აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა გამოირჩევა ხოლმე - მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა, ბაზარზე ძალიან ბევრი უხარისხო, ფეიქ ტესტი გაჩნდეს", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, საკარანტინო ზონებში 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო ექიმები კლინიკებში 271 პაციენტს აკვირდებიან.