COVID-19

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს გაუქმებული რეისების ბილეთის თანხა დაუბრუნდება

ფრენა იტალიიდან
1584193631
დაკოპირებულია

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიისა და ნიდერლანდების მიმართულებით „პეგასუსის“ ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი, კომპანია ალტერნატიულ მარშტუტებს შესთავაზებს, დაუბრუნებს ბილეთის თანხას, ან ფრენის თარიღს შეუცვლის.

"მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ავიახაზების და პეგასუსის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს ბევრი მოქალაქე. საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან და როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ ისინი მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას, ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას. 

ამასთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, 24 საათი მუშაობს ცხელი ხაზი და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვინც იმყოფებით ამ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშუტების შესახებ",- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, თურქეთის უმსხვილესმა საერთაშორისო ავიაკომპანებმა „თურქეთის ავიახაზებმა“ და „პეგასუსმა“ 17 აპრილის ჩათვლით გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.