მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მუშაობს ადამიანის იმუნიტეტი აცრის და ინფიცირების დროს? – BBC

ადამიანის იმუნიტეტი
1629897027
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუნებრივ და ხელოვნურ იმუნიტეტზე BBC სტატიას აქვეყნებს.

მეცნიერები განიხილავენ, თუ რა შემთხვევაშია ადამიანის ორგანიზმი უფრო დაცული - ვირუსის გადატანის თუ იმუნიზაციის დროს. ფაქტია, რომ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს მსოფლიოში ნულოვანი იმუნიტეტი არ აქვს. მათ ვირუსი ან გადაიტანეს, ან ვაქცინირებულები იყვნენ. შესაბამისად, კორონავირუსი დღეს მოსახლეობისთვის ისეთი სასიკვდილო აღარ არის, როგორც პანდემიის პირველ თვეებში.

ასევე, ექსპერტები განიხილავენ, მიზანშეწონილია თუ არა ვაქცინაცია ბავშვებში და იმას, საჭიროა თუ არა ვაქცინის მესამე, ბუსტერული დოზის გამოყენება.

პროფესორ ადამ ფინს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველია ვაქცინაციის საკითხებში, მიაჩნია, რომ ადამიანების ზედმეტი ვაქცინაცია მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს ვაქცინა საერთოდ არა აქვს, არის „უაზრობა, სისულელე და უსამართლობა“.

იმუნიტეტის ანატომია

იმისათვის, რომ იმუნიტეტი შევისწავლოთ, აუცილებელია იმუნური სისტემის საკვანძო ბლოკების ფუნქციონირების და იმ ვირუსის შესწავლა, რომელსაც იმუნური სისტემა ებრძვის.

იმუნური სისტემის „შემტევი წყვილი“, რომელიც ორგანიზმს ინფექციისგან წმენდს, ანტისხეულები და Т-უჯრედებია. ანტისხეულები ვირუსის ზედაპირს ეწებება და გასანადგურებლად მის მარკირებას ახდენს. Т-უჯრედები კი ადგენენ, თუ რომელი უჯრედი იყო ინფიცირებული ვირუსის მიერ და მათი განადგურება შეუძლიათ.

ვირუსის ამოცნობა საკმაოდ მარტივია. მას ცნობილი პროტეინ-წვეტი გააჩნია, რომლის მეშვეობით ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში აღწევს. ასევე, ვირუსს 28 სხვა ცილა გააჩნია, რათა ათასობით თავისი ასლი შექმნას.

არსებობს ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლითაც ხდება ვაქცინით შეძენილი და ბუნებრივი იმუნიტეტის ერთმანეთთან შედარება.

ვირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების დროს ადამიანი უფრო ძლიერ იმუნიტეტს იღებს, ვიდრე ვაქცინაციის დროს. განურჩევლად იმისა, ვაქცინირებულები ხართ მოდერნას, ფაიზერის, თუ ასტრაზენეკას ვაქცინით, თქვენი ორგანიზმი მხოლოდ პროტეინ-წვეტის ამოცნობას სწავლობს. ეს ვირუსის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია და მის მიმართ ანტისხეულების გამომუშავების დროს დაავადების გადატანა ძალზე მარტივ ფორმაში ხდება, ჰოსპიტალიზაცია პრაქტიკულად საჭირო არ არის.

მაგრამ თუ Т-უჯრედები დანარჩენი 28 ცილის ამოცნობასაც შეძლებენ, მაშინ იმუნიტეტი კიდევ უფრო ძლიერი ხდება.

„ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ახალი შტამების მიმართ უფრო მდგრადი ხდება, რადგანაც თქვენი იმუნიტეტი მხოლოდ პროტეინ-წვეტის მიმართ არ მოქმედებს“, - განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგმა, პროფესორმა ელეონორა რაილიმ.

იმუნიტეტის ძალა

რამდენად კარგად ებრძვის იმუნიტეტი ინფექციას და გამორიცხავს დაავადების მძიმე ფორმას?

არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ვირუსი ორჯერ დაემართათ. ასევე, არის ფაქტები, როდესაც კორონავირუსით ვაქცინირებული ადამიანები დაავადდნენ.

„არც ბუნებრივი იმუნიტეტი, არც ვაქცინაცია ინფექციისგან სრულად არ გიცავთ, მაგრამ იმუნიტეტის არსებობის შემთხვევაში თქვენ დაავადების მძიმე ფორმისგან დაცულები ხართ“, - განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ფინმა.

ანტისხეულების დონე ორგანიზმში ყველაზე მაღალია ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ. ინფიცირების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების ორგანიზმში გაცილებით ნაკლები ანტისხეულია, ვიდრე Covid-ის მძიმე ფორმის დროს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი აქვთ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ხოლო შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

ხანგრძლივობა

რამდენად დიდხანს იცავს ორგანიზმს იმუნიტეტი?

უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იკლებს, თუმცა, დაავადების მძიმე ფორმისგან ორგანიზმი მაინც დაცულია. იმუნური სისტემა, როგორც ვირუსს, ასევე, ვაქცინას იმახსოვრებს, ამიტომ ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სწრაფად რეაგირებს.

მეხსიერების T-უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში რჩება და B-უჯრედები, აუცილებლობის შემთხვევაში ახალი ანტისხეულების გამომუშავებას იწყებენ.

არსებობს იმუნური პასუხის დადასტურებული ფაქტები ინფიცირებიდან ერთი წლის შემდეგ. ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტის კვლევებმაც ანალოგიური შედეგი აჩვენა.

„რჩება თუ არა იმუნიტეტი უფრო დიდ ხანს, ამას დამატებითი კვლევები აჩვენებს“, - განაცხადა ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორმა პიტერ ოპენშოუმ.

იმუნიტეტის ადგილი

სად ჩნდება ორგანიზმში იმუნიტეტი?

ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ სად მოხვდა ვირუსი, მაგალითად, ცხვირში და ფილტვებში ინფიცირების დროს სულ სხვა ანტისხეულების გამომუშავება ხდება. ესენია იმუნოგლობულინი As, სისხლში კი ჩნდება ანტისხეულები სახელწოდებით იმუნოგლობულინი G.

შესაბამისად, ცხვირში მოხვედრილი ვირუსის დამარცხება არა ხელში გაკეთებული აცრის, არამედ ცხვირში შეშვებული პრეპარატით უფრო ადვილია და მსგავს პრეპარატებთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს.

სად ხვდება ვირუსი? ადამიანის ორგანიზმის რომელ ნაწილში? ამის დადგენა ძალზე მნიშვნელოვანია.

„ეს შეიძლება ერთი და იგივე ვირუსი იყოს, მაგრამ ადამიანის იმუნური რეაქცია, ისევე როგორც ვაქცინის ეფექტიანობა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია“, - აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ კლენერმანი.

დასკვნა

არსებობს იმის დადასტურებული მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, უკეთეს იმუნიტეტს შეიძენენ, თუ შემდეგ ვაქცინირებულებიც იქნებიან. თუმცა, კვლავ რჩება რამდენიმე შეკითხვა:

👉 საჭიროა თუ არა ვაქცინირებული ადამიანების ხელახალი ვაქცინაცია გარკვეული ვადის შემდეგ?

👉 საჭიროა თუ არა ბავშვების ვაქცინაცია, თუ ისინი ცხოვრების განმავლობაში ისედაც საკმარის ბუნებრივ იმუნიტეტს შეიძენენ?

ამ კითხვებზე მეცნიერებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არა აქვთ.