COVID-19

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა ასაკი 2-დან 82 წლამდე მერყეობს

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585130467
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეთა ასაკი 2-დან 82 წლამდე მერყეობს.

პაატა იმნაძემ განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მანვე ყურადღება გაამახვილა ინფიცირების 3 ახალ შემთხვევაზე.

„სამივე ახალი შემთხვევა არის, ასე ვთქვათ, დაავადების ანამნეზის ცნობილი ისტორიით. ანუ, ერთი არის საფრანგეთთან, ხოლო ორი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული. არ არიან დიდი, ცნობილი კლასტერების წარმომადგენლები,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმაძემ თვითმკურნალობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და მის შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაუსვა ხაზი:

„მედიკამენტის დასახელება მედიაში იწვევს ხოლმე შემდეგ იმას, რაც მოხდა ანტი-მალარიული საშუალების დასახელების შემდეგ, დაიტაცეს აფთიაქებიდან მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ეს საქმე უნდა მივანდოთ პროფესიონალების გუნდს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს, მივენდოთ მცოდნე ადამიანებს,“- აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

25 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 73 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავადებულებიდან არავინ გარდაცვლილა, 10 მათგანი უკვე განიკურნა. კარანტინის რეჟიმში 4055 პირი იმყოფება, 252 ადამიანი კი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.