
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურში 45 პაციენტი წევს, აქედან 28 პაციენტია კორონავირუსით ინფიცირებული.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 8 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
"ჩვენ გვყავს პნევმონიით 8 პაციენტი, აქედან 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება. უბრალოდ სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკრუნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება. ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით. დანარჩენ 4 შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია, აქაც მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, მათთანაც ჯერჯერობით არ შეინიშნება პროგრესირება. მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია არ ნიშნავს აუცილებლად სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას. დაავადების პროგრესირება, ნებისმიერ ეპიზოდზე შეიძლება განვითარდეს, გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ როცა ვლაპარაკობთ", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მეორე პაციენტის განმეორებითი ტესტირების პასუხი კი, დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
"გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტი, რომელთანაც მიღებული იყო პირველ ჯერზე უარყოფითი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება, დღის ბოლოს გახდება პასუხი ცნობილი. ვიმედოვნებთ, რომ იქაც პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.ბოლო მონაცემების თანახმად 637 ადამიანი კარანტინის რეჟიმში რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადება გამოუვლინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის სხვა შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.
14 მარტს საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.