
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იუსტიციის სახლებში ნუ მივლენ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.
"მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
მიუხედავად ჩემი და მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის, თანმხლები ბავშვებით. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული, ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ არ არის სერვისის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე, ვინაიდან ქვეყანაში უკვე არსებობს ე.წ. მესამეული გადადების პრეცედენტი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრი იუსტიციის სახლში მისულ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, 1 მეტრიანი დისტანცია დაიცვან.
"იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდა დოკუმენტის ასაღებად, მოვუწოდებ, დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას, იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მათ ამასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემენ, რადგან ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.