
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზოგიერთი რელიგიური რიტუალი, სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.
"მე ვერანაირად ვერ ჩავერევი ეკლესიის კომპეტენციაში, ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ეკლესიას თავისი კონსტიტუცია აქვს, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, მან უკეთ იცის, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა. ამიტომ, მე ვერანაირ ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გავცემ რელიგიური რიტუალების მიმართ. მაგრამ მე მიმაჩნია, ის ღონისძიებები, რომელიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი, სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა.
მე მგონია, თვითონ ეკლესიაც ამას გაგებით ეკიდება. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ შეწყდა წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ხალხის ყველაზე მასშტაბური თავშეყრა, რომლებიც რომის პაპის ქადაგებას ესწრებოდნენ და ეს ახლა ონლაინ ხორციელდება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობამ შეკრების კუთხით შეზღუდვები დააწესა - ერთ სივრცეში 10 კაცზე მეტი არ უნდა მოთავსდეს. ეკლესია ამბობს, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, რაც დისტანციას ეხება, თუმცა წირვები მაინც ჩატარდება, სადაც 10-ზე ბევრად მეტი ადამიანი იყრის თავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა.