
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დაგემილ ვადებში ჩატარების საკითხი სულ უფრო საეჭვო ხდება. კანადისა და ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიო მასპინძელ ქალაქად 2013 წლის 7 სექტემბერს შეარჩია. მაშინ იაპონიამ პირობა დადო, რომ 2011 წლის ცუნამისა და ფუკუშიმას ტრაგედიის მიზეზით მიღებული ეკონომიკური ზარალი მოსამზადებელ პროცესს პრობლემას არ შეუქმნიდა და ქალაქი თამაშებს ღირსეულად უმასპინძლებდა.
ოლიმპიადა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. დაგეგმილი იყო თამაშების 8K გარჩევადობით გადაცემა. სტადიონები და ოლიმპიური სოფელი მთლიანად განახლებადი ენერგიის ხარჯზე (ძირითადად მზე და ქარი) უნდა მომარაგებულიყო, მედლები კი 80 000 ძველი მობილური ტელეფონისგან უნდა დაემზადებინათ - სტანდარტული მობილური ტელეფონი 0.048 გრამ ოქროს, 0.26 გრამ ვერცხლსა და 26 გრამ სპილენძს შეიცავს.
ოლიმპიურ თამაშებს ტოკიომ პირველად 1964 წელს უმასპინძლა. იაპონიაში სწორედ მას დაამხთვიეს სინკანსენის იგივე „მატერებელი ტყვიის“ ექსპლუატაციაში შესვლა. ქსელის გაფართოებისა და მოდერნიზების შემდეგ დღეისთვის იაპონიის ყველა დიდი ქალაქი ერთმანეთს სწრაფი რკინიგზით უკავშირდება, ზოგიერ მონაკვეთზე სიჩქარე 500 კმ/სთ-ს აღემატება.
თუ ოლიმპიადა ჩაიშალა ან გადაიდო ბოლო 124 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც ოლიმპიური თამაშები განახლდა ეს უკვე მეოთხე შემთხვევა იქნება. 1916 წელს რიგით VI ოლიმპიური თამაშები ბერლინში უნდა გამართულიყო, რაც I მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა. 1940 წელს XII ოლიმპიადა ტოკიოში იყო დაგეგმილი, რაზეც იაპონიამ ჩინეთთან ომის გამო 1938 წელს თავადვე თქვა უარი, მასპინძელი ქალაქი ჰელსინკით შეცვალეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო ისიც ჩაიშალა. იმავე მიზეზით ჩაიშალა 1944 წლის ლონდონის XIII ოლიმპიური თამაშებიც.
თუ თამაშები მაინც გაიმართა ავსტრალიასა და კანადას შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ, განსაკუთრებით ევროპიდან. ბოლო, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ავსტრალიელმა სპორტსმენებმა 8 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილი დაიკავეს. 4 ოქროს მედლით მე-20 ადგილს დასჯერდა კანადა.
იაპონია დღეის მდგომარეობით კორონავირუსის გავრცელების კონტროლს მეტ-ნაკლებად ახერხებს. 23 მარტის მონაცემებით ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1101 შემთხვევაა აღრიცხული და გავრცელების ტემპი შემცირებულია.
საბოლოო გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა აპრილში უნდა მიიღოს, განიხილება მისი უმატურებლოდ, ასევე 1 ან 2 წლით გადადების საკითხიც. ამ დრომდე უკვე ოფიციალურად ჩაიშალა 20 წლამდელთა ჩემიპონატი რაგბიში, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი კი 1 წლით გადაიდო. თუ არაფერი შეიცვალა თამაშები სტარტს 24 ივლისს აიღებს და 9 აგვისტომდე გაგრძელდება.