მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაცია შესაძლოა, მალე ცხვირში შესხურებით იყოს შესაძლებელი

ვაქცინაცია ნაზალური გზით
1644136270
COVID-19

შეიძლება არსებობდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნემსის გარეშე? როგორც ჩანს დიახ, შესაძლებელია, რადგან, როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, მეცნიერები მუშაობენ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც ნემსის ჩხვლეტას გამორიცხავს და ცხვირში შესხურებით, ანუ ნაზალური გზით იქნება შესაძლებელი.

რა მოხდება, თუკი კოვიდვაქცინაციის პროცესი ისეთივე მარტივი იქნება, როგორიც ცხვირში სპრეის შესხურებაა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 16 მილიარდი ინექცია კეთდება. წელს ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გლობალური კამპანიისთვის დამატებით 5,6 მილიარდი ადამიანის იმუნიზაციაა საჭირო.

ნაზალური, იგივე ცხვირში შესასხურებელი ვაქცინით მთლიანი მოსახლეობის იმუნიზაცია გაცილებით სწრაფი იქნება, ვიდრე ინექციით, რაც ცოდნას და დროს მოითხოვს. ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა ბევრისთვის ალბათ უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ნემსის ჩხვლეტა; ამას გარდა, არ გაჩნდება ნემსების, შპრიცების და სხვა ინსტრუმენტების დეფიციტიც.

ამჟამად მექსიკაში მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაციის ტრადიციული მეთოდის ალტერნატივაზე, რომელიც ვაქცინის ცხვირში შესხურებას გულისხმობს. „პატრია“ - ასე უწოდეს მას მეცნიერებმა და იმედს გამოთქვამენ, რომ „პატრიაზე“ კლინიკური ცდები სულ მალე დაიწყება.

აშშ-ში მიკრობიოლოგიის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა პიტერ პალეზემ თავის კვლევით ჯგუფთან ერთად შეიმუშავა ინგრედიენტი, რომელიც ცხვირში შესასხურებელ ვაქცინაში გამოიყენება.

ნაზალური, ანუ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები შეიძლება საუკეთესო გზა იყოს ინფექციისგან დიდი ხნის განმავლობაში დასაცავად, რადგან ისინი თავდაცვას სწორედ იქ გვთავაზობენ, სადაც ვირუსის აცილებაა საჭირო: სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში, სადაც კორონავირუსი პირველად ხვდება და შემდეგ მთელ ორგანიზმში ვრცელდება.

პალეზეს თქმით, ცხვირში შესასხურებელი ვაქცინის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარში, 2-4 გრადუსის პირობებშია შესაძლებელი და მას არ სჭირდება ულტრა დაბალი ტემპერატურა, ისევე, როგორც მაგალითად ფაიზერს ან სხვა თანამედროვე ვაქცინებს და თან, მისი წარმოებაც იაფია.

„ამ ვაქცინის წარმოება გაცილებით იაფია, ვიდრე მაგალითად, mRNA-ზე დაფუძნებული ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინების“, - ამბობს პიტერ პალეზე.

პანდემიის სწრაფად გავრცელებიდან გამომდინარე, პირველი და მეორე ფაზის გამოცდა პარალელურად მიმდინარეობს. კვლევაში მონაწილეობენ ადამიანები 5 სხვადასხვა ქვეყნიდან და პირველი მონაცემები ივლისში იქნება ხელმისაწვდომი.

„ეს შესანიშნავად მუშაობს ცხოველებზე, გვაქვს ფანტასტიკური, დამაჯერებელი კვლევები ზაზუნებსა და თაგვებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ თაგვები და ზაზუნები ადამიანები არ არიან“, - ამბობს პალეზე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირში შესასხურებელ ვაქცინაზე ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებიც მუშაობენ.

„ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები ადამიანიდან ადამიანზე გადადების რეალური პრევენციის ერთადერთი გზაა. მოწყვლადი ადამიანების გამოკეტვისა და დაუსრულებელი დაბუსტვის პირობებში მუდამ ვერ ვიცხოვრებთ“, — ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის იმუნოლოგი ჯენიფერ გომერმანი.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც იმუნოლოგი მაიკლ დაიმონდი და ონკოლოგი დევიდ კურიალი ხელმძღვანელობენ, აღმოაჩინა, რომ თაგვები, რომლებმაც ვაქცინის ერთი დოზა ცხვირში შესხურებით მიიღეს, სრულად დაცულები იყვნენ კორონავირუსისგან, მაგრამ თაგვები, რომლებმაც იგივე ვაქცინა ინექციის გზით მიიღეს, მხოლოდ ნაწილობრივ აღმოჩნდნენ დაცულები კოვიდ 19-სგან.

ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერება SARS-CoV-2-ის ცილა ადენოვირუსში შეიტანეს, რომელიც გაციებას იწვევს, თუმცა, მათ შეცვალეს ადენოვირუსი, რათა მას დაავადება არ გამოეწვია. ამგვარად ორგანიზმს ეძლევა საშუალება გამოიმუშაოს იმუნური დაცვა სპაიკ ცილის მიმართ.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინის ერთმა დოზამ გამოიმუშაოს ძლიერი იმუნიტეტი. ვაქცინები, რომლებიც სრული დაცვისთვის ორ დოზას საჭიროებენ, ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ხშირად უარს ამბობენ ვაქცინის მეორე დოზაზე“, - ამბობს კურიალი.

მეცნიერების თქმით, ვინაიდან ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ის, აგრეთვე, ეფექტიანი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია ისეთი დაავადებებით, როგორებიცაა: კიბო, შიდსი და დიაბეტი.

შესაძლოა, იფიქროთ, რომ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა ახალი იდეაა, მაგრამ ინექციის გარეშე ვაქცინაცია უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს.

პირველი, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა, ეს იყო პოლიემიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დღემდე გამოიყენება დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. 

აგრეთვე, არსებობს ორალური ვაქცინები ტიფური ცხელების, ქოლერის და როტავირუსის წინააღმდეგ. არსებობს კიდევ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინები გრიპის წინააღმდეგ, რომლებიც აგრეთვე შეიცავს დაავადების გამომწვევი პათოგენის შესუსტებულ ფორმებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 78 დადებითი ტესტი - თურქი მამაკაცი 14 თვეა კოვიდისგან გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

📢 „ინფიცირებულ ორსულებში მესამე ტრიმესტრში გართულებები იმატებს“ - პაატა ჟორჟოლიანი

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC