მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან - ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1609776292
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. 

ცერცვაძის განმარტებით, კოვიდინფექციის ახალი შტამი გაცილებით უფრო იოლად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ვიდრე წინა შტამი.

მისივე თქმით, ასევე უცნობია იქნებიან თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან ის ადამიანები, რომლებიც ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ.

„ამ შტამის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, რამდენიმე კვირის წინ ინგლისში გამოვლინდა ეს შტამი. მთელ მსოფლიოში მის მიმართ ინტერესი მაღალია და იკვლევენ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არ არის ცნობილი.

ჯერჯერობით რაც არის ცნობილი, არის ის რომ ეს შტამი უფრო იოლად გადამდებია, უფრო იოლად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. შესაბამისად გავრცელების მეტი პოტენციალი აქვს. დიდ ბრიტანეთში სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ინგლისში ამ ბოლო დროს ძალიან მკვეთრად გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და თუ არ ვცდები ევროპაში პირველ ადგილზეა ამ კუთხით.

შესაბამისად „ლოქდაუნიც“ ძალიან გამკაცრდა, რამდენადაც ვიცი ამჟამად ყველაზე მკაცრი „ლოქდაუნი“ დიდ ბრიტანეთშია. ევროპის ბევრ ქვეყანაშია ძალიან მკაცრი „ლოქდაუნები“, გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე საქართველოში. როდესაც გარკვეული ადამიანები საყვედურობენ მთავრობას, იმას თუ რატომ არის ასეთი მკაცრი შეზღუდვები და ეს იწვევს ყოფითი პირობების გაუარესებას, ეს უნდა შეადაროთ სხვა ქვეყნებს. არ შეიძლება მოსთხოვო მთავრობას, რომ ნუ იქნება, მაშინ როცა მთელ მსოფლიოშია“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ არ არის მოსალოდნელი ახალი შტამით გამოწვეული ლეტალობა გაიზარდოს.

„ახალ შტამს ახასიათებს მეტი გადამდებობა. მეორე რაც ვიცით ეს არის, რომ არ მიმდინარეობს უფრო მძიმედ, არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და შესაბამისად არ არის მოსალოდნელი, რომ სიკვდილობის მაჩვენებლი გაიზარდოს ამ შტამით დაავადებულ პირებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ცუდია, რომ გადამდებობა მეტია, მაგრამ კარგია, რომ სიკვდილობა მეტი არ არის. მესამე რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ეს არის ის, რომ ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან ეს არავინ იცის“, - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „კორონავირუსის ახალი შტამით 19 წლამდე პირები და ბავშვები ინფიცირდებიან“ - ზაზა წერეთელი

✔️ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა