COVID-19

„ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1630582102
დაკოპირებულია

„ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ თქვენ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში წერს.

„ხანგრძლივი კოვიდი ეს არის მეტად სერიოზული კონდიცია, რომელზეც სამწუხაროდ, საქართველოში საერთოდ არ არის საუბარი.

ლონდონის მეფის კოლეჯის მკვლევარებმა, ასევე, განაცხადეს, რომ ორჯერად აცრილებში ვირუსით საავადმყოფოში მოხვედრის შანსი 73%-ით ნაკლები იყო და სრულად აცრილ ადამიანებში მძიმე სიმპტომების შანსი შემცირდა თითქმის მესამედით (31%).

გუნდმა გააანალიზა ორ მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც იწერდნენ თავიანთ სიმპტომებს, ტესტებს და ვაქცინის სტატუსს გაერთიანებული სამეფოს კოვიდ სიმპტომების კვლევის აპლიკაციაში 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

აპლიკაციის დაახლოებით 6,030 მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათი ტესტირების შედეგი დადებითი იყო Covid 19-ზე პირველი ვაქცინაციიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ, ხოლო 2,370-მა განაცხადა, რომ ტესტირება დადებითი იყო მათი მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე შვიდი დღის შემდეგ.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის დაკარგვა, ხველა, ცხელება, თავის ტკივილი და დაღლილობა, უფრო რბილი იყო და უფრო იშვიათად იყო მოხსენებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აცრილები იყვნენ.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ აცრილ ადამიანებს 50% ნაკლები ალბათობა ჰქონდათ, რომ ავადმყოფობის პირველ კვირაში მრავლობითი სიმპტომები გამოემჟღავნებინათ.

ცემინება იყო ის ერთადერთი სიმპტომი, რომელიც უფრო ხშირია მათში, ვისაც პირველი დოზა ჰქონდა მიღებული იმათთან შედარებით, ვინც არ იყო აცრილი.

60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ მიღებული ვაქცინის ორივე დოზა, დაინფიცირება უფრო ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა იმათთან შედარებით, ვინც ამ ასაკობრივ ჯგუფში არ იყო აცრილი.

COVID 19-ის თითქმის ყველა ინდივიდუალური სიმპტომი იყო ნაკლებად გავრცელებული ვაქცინირებულებში რავაქცინირებულ მონაწილეებთან შედარებით და აცრილებს შორის უფრო მეტი ადამიანი იყო სრულიად ასიმპტომური.

ასიმპტომური ან მინიმალურად სიმპტომატური ინფექციის შემთხვევების ზრდა ვაქცინირებულ მონაწილეებში ხაზს უსვამს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც რაღაცნაირად ურთიერთქმედებენ არავაქცინირებულ ან კლინიკურად დაუცველ ჯგუფებთან (მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკები და სოციალური დაცვის მუშაკები), უნდა ჩაიტარონ ხოლმე ტესტირება ასეთი კონტაქტების შემდეგ თუნდაც თუკი ისინი აცრილი იყვნენ.

სიმპტომების ნაკლებობა ვაქცინირებულ ადამიანებში კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც ადრეულმა კვლევებმა აჩვენეს, ინფექციის პირველ კვირაში ხუთზე მეტი სიმპტომის არსებობა ასოცირდებოდა COVID-19 სიმძიმესთან და დაავადების ხანგრძლივობასთან.

Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევის დასკვნა იყო რომ: „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვაქცინირებული პიროვნების ინფიცირების შემთხვევაში სიმპტომების გაჩენის შანსი დაინფიცირებიდან პირველი 28 დღის განმავლობაში დაახლოებით ორჯერ შემცირდა ვაქცინის ორი დოზის მიღების შემთხვევაში. ეს შედეგი მიგვითითებს იმაზე, რომ ხანგრძლივი Covid-ის რისკი მცირდება იმ პირებში, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორივე დოზა, რაც ემატება ვაქცინის მიერ თვით დაინფიცირების რისკის შემცირებას“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ - ზაზა წერეთელი

⭕ „საქართველო რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, 70-80 გარდაცვალების ნაცვლად 5-6 გარდაცვალება გვექნებოდა “ - თენგიზ ცერცვაძე