„რამდენიმე დღეა ოდნავ პატარა დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10 %-ს, ასევე, შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც. უკვე ორი დღეა ვითარება გარკვეულად დამაიმედებელია, ვირუსით ინფიცირებულთა ახალი რაოდენობა 4000-ზე ოდნავ მეტი გვაქვს, მაგრამ ამას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს და ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება შეკავდეს. თუმცა ამას ჩვენი და საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი და სერიოზული მუშაობა სჭირდება“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაწესებულებებში რეგულაციების აღსრულება გამკაცრდა, ამის მონიტორინგს პოლიცია, შრომის ინსპექცია და ზედამხედველობის სამსახურები ახორციელებენ.
ამირან გამყრელიძემ, ასევე, ისაუბრა ვაქცინების რაოდენობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს, ასევე, აგვისტოს ბოლოს კიდევ დაახლოებით 400 000 დოზა „ფაიზერი“ შემოვა.
„ველოდებით დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმს“, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება. ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან „სინოვაკით“, იგივე დამცველობითი უნარი აქვს.
თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400 000 დოზა „ფაიზერს“, ანუ ის მილიონი, რაც არის ნაყიდი, იქიდან თითქმის უკვე სრულად შემოვა „ფაიზერი“. ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა „ფაიზერით“. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ „ფაიზერის“ ვაქცინით, – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს.
„ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ეს იქნება დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში, თუ პოლიკლინიკის წერტილში“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
იხილეთ აგრეთვე:
📣„სექტემბერში თუ მილიონი აცრა ჩავატარეთ, მაშინ პანდემიას წელში გავტეხავთ“ - გამყრელიძე
📣დღეიდან „სინოფარმის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება დროებით იზღუდება
📣ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 26 418 ადამიანი აიცრა