
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ ე.წ. სწრაფი ტესტების გამოყენება, ამ ეტაპზე, მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდება.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკვე გაწერილია ის რისკჯგუფები, ვისაც ე.წ. სწრაფი ტესტები პირველად გაუკეთდება.
"ტესტირება, პირველ რიგში, შეეხება ისევ და ისევ მაღალი რისკის ჯგუფებს, შემთხვევის განმარტებიდან გამომდინარე - მოგზაური, ადამიანი გამოხატული სიმპტომებით, პაციენტები, რომლებიც მოხვდებიან ჰოსპიტალში სიცხეებით, ინფიცირებულის კონტაქტები და ასევე სამედიცინო პერსონალი. ეს არის პირველი რიგის ჯგუფები და ამ ჯგუფებზე იქნება მიმართული ის ტესტები, რომლებიც გვექნება პირველ ეტაპზე. შემდეგ უკვე ეტაპობრივად, იმის მიხედვით, თუ როგორ ხასიათს მიიღებს ეპიდემიის გავრცელება, ჩვენ შეიძლება გავაფართოოთ ეს მოცვა. ალგორითმი უკვე მზად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დეტალებთან დაკავშირებით და მალე გამოქვეყნდება",-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსით 67 პირია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანია, სტაციონარში კი 252. ასევე, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული.